მიკრო და ნანო პლასტმასები, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად, დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის დარღვევებთან, კიბოსთან და უნაყოფობასთან
გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს
ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.
New York Times იუწყება, რომ სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.
მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.
სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.
სტარტაპში ამბობენ, რომ “ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა”.
„ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია”, — თქვა სტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.
ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.
სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.
„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფუნქციური ნერვული აშლილობა იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შეტანილი
თანამედროვე მედიცინა ამ სახელწოდებით ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას მოიხსენიებს, რომელსაც ნერვული სისტემის ამა თუ იმ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ლაბორატორიულ– ინსტრუმენტული კვლევები ცენტრალური და პერიფერიული ორგანოების დაზიანებას გამორიცხავს.
ფუნქციური ნერვული აშლილობა იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შეტანილი, თუმცა საერთაშორისო მონაცემებით ირკვევა, რომ ნევროლოგთან ამბულატორიული ვიზიტის მიზეზთა ტოპათეულში შედის, რაც მას ისეთივე აქტუალურს ხდის როგორიც, მაგალითად, პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზია.
ფუნქციური ნერვული აშლილობის სინონიმებია:
• კონვერტაციის დარღვევა;
• ფსიქოგენური კრუნჩხვა ` მოძრაობის დარღვევა;
• დისოციაციური კრუნჩხვა ` მოტორული აშლილობა;
• არაეპილეფსიური კრუნჩხვა.
დაავადება ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევით არის გამოწვეული და არა ორგანული დაზიანებით. დარღვეულია თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვებს შორის საინფორმაციო სიგნალების გაგზავნა და მიღება.
სხვა იშვიათი დაავადებების მსგავსად, ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ფროიდი და მისი თანამოაზრეები მას ნევროლოგიური სიმპტომების მქონე ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევდნენ, თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ჩატარებულმა ნეირომეცნიერულმა კვლევებმა დარღვევის სპეციფიკური ნიშნები გამოავლინა და ის ცალკე ნოზოლოგიად გამოყვეს.
არასაკმარისი ცოდნის გამო ფუნქციურ ნერვულ აშლილობას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ ექიმები და მკვლევრები, მაგრამ დღეს მას უკვე სათანადო ყურადღება ექცევა, რადგან უნარშეზღუდულობისა და სიცოცხლის ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია და შესაძლოა, ქრონიკული დაღლილობისა და ტკივილის სინდრომების განვითარება მოჰყვეს.
ვის და რატომ ემართება
დაავადების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა უცნობია. საერთაშორისო მონაცემებით, ყოველწლიურად 100 000-დან 2-5 შემთხვევა ფუნქციური ნერვული აშლილობის წილად მოდის. დაავადებამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა იშვიათად გვხვდება ათ წლამდე. განსაკუთრებით ხშირია მოზარდ ასაკში და უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ.
ფუნქციური ნერვული დარღვევის უშუალო მიზეზი, როგორც ვთქვით, უცნობია. მის განვითარებაში წვლილი შეაქვთ განსაზღვრულ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, რომელთაგან ზოგიერთი ტვინს ავადმყოფობის მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის, ზოგი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს, ზოგი კი მდგომარეობის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ბიოლოგიური ფაქტორი (ფიზიკური ტრავმა, ტკივილი, ინფექცია) ნერვული აშლილობის ყველაზე ცნობილი გამშვები მექანიზმია, შფოთვის პანიკური შეტევა, დეპრესია და ბავშვობის ტრავმა კი ფსიქოლოგიურ რისკფაქტორებს განეკუთვნება. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, არასრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება და სამსახურის სიძულვილი პათოლოგიურ მდგომარეობის უფრო მეტად ამძიმებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების მქონე ყველა ადამიანს ფუნქციური ნერვული აშლილობა არ უვითარდება, ისევე როგორც არავინაა მისგან დაზღვეული.
როგორ ვლინდება
მეცნიერები თავის ტვინს ხშირად კომპიუტერს ადარებენ, რათა უკეთ აგვიხსნან ამ ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი. კომპიუტერის მსგავსად, თავის ტვინსაც აქვს ისეთი “ნაწილები”, რომელთა საშუალებითაც ის საკუთარ სტრუქტურებთან, გარე სამყაროსა და სხეულის სხვა ნაწილებთან ამყარებს კავშირს. ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობის დროს ტვინის “პროგრამულ” ნაწილში ხარვეზებია, რომლებიც განსაზღვრული სიმპტომებით ვლინდება. ეს სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით იჩენს თავს. უმეტესობა უჩივის ე.წ. დისოციაციურ შეტევებს (დისსოციატივე ატტაცკ) – უეცარ უნებლიე ხანმოკლე მოძრაობებს, რომლებიც ხშირად ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, თავის ტვინის ანომალიური ელექტრული აქტივობა არ უდევს საფუძვლად. ამ ტიპის შეტევები უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება და მკურნალობას მეტ-ნაკლებად ემორჩილება.
მოძრაობის ფუნქციურმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიარულის სირთულე, ტრემორი (კიდურების უკინტროლო კანკალი ან სისუსტე), დისტონია (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ვლინდება ნელი განმეორებითი მოძრაობებით ან უჩვეულო პოზით), ზოგჯერ – მთელი სხეულის პარალიზი. არსებობს ფუნქციური აშლილობის გამომხატველი სხვა სახის სიმპტომებიც, რომლებიც მოიცავს თავბრუხვევას, სენსორულ პრობლემებს (მხედველობის, მგრძნობელობისა და სმენის დაქვეითება), მეტყველების დარღვევას და კოგნიტიურ პრობლემებს (დაბნეულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხანმოკლე ან ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითება, განსჯის უნარისა და იდენტობის დაკარგვა). ფაქტობრივად, ტვინის მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ფუნქცია შეიძლება დაირღვეს. ზოგჯერ ირღვევა შინაგანი ორგანოების (შარდის ბუშტის) მუშაობაც.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფუნქციური ნერვული აშლილობა რეალური პათოლოგიური მდგომარეობაა ჭეშმარიტი სიმპტომებით, რომელთა მართვა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
როგორ ისმება დიაგნოზი
თანამედროვე მიდგომით, ფუნქციური ნერვული აშლილობის დიაგნოზს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე სვამენ:
• ერთი ან მეტი სიმპტომი, რომლებიც ვლინდება ნებაყოფლობითი მოტორული (კუნთების მოძრაობას) ან სენსორული (მხედველობა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა) ფუნქციის მოშლით და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს;
• სათანადო კვლევებით ორგანული ნერვული დაავადების გამორიცხვა.
მომდევნო ნაბიჯი იმ (ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური) რისკფაქტორების გამოვლენაა, რომლებსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს აშლილობის განვითარებას ან დაამძიმოს ის.
როგორ მკურნალობენ
ფუნქციური ნერვული დაავადების მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მისი ძირითადი მიზანი ტვინის “გადამზადებაა”. ვინაიდან პრობლემა ისაა, რომ ტვინსა და ნერვებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაა დარღვეული, მკურნალობა ნორმალური ფუნქციების ხელახლა დასწავლას ისახავს მიზნად. ამ აშლილობის სამკურნალო ჯადოსნური წამალი არ არსებობს. უფრო მეტიც: ფარმაკოთერაპია მხოლოდ გამოხატული დეპრესიისა და შფოთვის დროს ერთვება საქმეში. უმეტესად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი) შექმნა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.
ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს დაახლოებით 23.2 მლნ ევროს მიიღებს
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის – 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს.
პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის, მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.
ახალი ვაქცინა დაგვიცავს ვირუსის ყველა შტამისგან – მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა.
„რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით”, – განაცხადა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.
კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.
„თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ”, – ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.
„ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება”, — აღნიშნულია ნაშრომში.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.
„ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ”, – თქვა ჰაიმ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ვაქცინის ადამიანზე გამოცდა.
სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯადაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.
„მინისტრის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციით და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.
იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები,საკოორდინაციო საბჭოს წევრები და მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თირკმლის სისხლით მომარაგება – მკურნალობის შედეგად თირკმლის ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებელია
თირკმლის სისხლით მომარაგება
იმის გამო, რომ მხოლოდ ანალიზებით შეუძლებელია სისხლძარღვის დახშობის ამოცნობა, გამოსახულებითი კვლევებიც არის საჭირო. ისინი თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დასადასტურებლადაც გამოდგება. კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (ანგიოგრაფიით), დოპლერული ულტრასონოგრაფიით, იზოტოპის პერფუზიული სკანირებით შესაძლოა დადგინდეს, რომ დაზიანებულ თირკმელში სისხლის ნაკადი შემცირებული ან შეწყვეტილია.
მოხსენიებული გამოსახულებითი კვლევებიდან თითოეულს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგალითად, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია ძალიან ზუსტი მეთოდებია, მაგრამ პირველის დროს საჭიროა ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება, რომელიც თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას კიდევ უფრო ზრდის მისი დაზიანების რისკს. მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის დროსაც გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება (გადოლინიუმი), რომელმაც თირკმლისმიერი სისტემური ფიბროზი შეიძლება გამოიწვიოს. ამ დაავადების დროს მთელ სხეულში ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება, მკურნალობა უეფექტოა.
დიაგნოზის დასადასტურებლად ყველაზე სარწმუნო მონაცემები არტერიოგრაფიით მიიღება. ამ დროს კათეტერი არტერიაში შეჰყავთ, რაც ზოგჯერ მის დაზიანებას იწვევს. ამასთან, კიმპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის მსგავსად, საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებაც არის საჭირო, რაც თირკმლის დაზიანების ალბათობას ზრდის.
არტერიოგრაფია მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა სისხლძარღვის გამავლობის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა ან ანგიოპლასტიკა არის განზრახული. თირკმლის ფუნქციის აღდგენას რეგულარულად აფასებენ ულტრასონოგრაფიის, რადიონუკლიდური სკანირების ან სისხლის ანალიზების მეშვეობით.
პროგნოზი
მკურნალობის შედეგად თირკმლის ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ხშირად აღდგენა სრული არ არის. ორგანიზმის სხვა ნაწილებში (მაგალითად, გულში) წარმოქმნილი კოლტით არტერიის დაცობის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ამ დროს მსგავსი შენადედები შეიძლება სხვაგანაც, ტვინში ან ნაწლავში, მოხვდეს და ისინიც დააზიანოს.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანია სისხლის ნაკადის კიდევ უფრო შემცირების თავიდან აცილება და მისი აღდგენა. თუ მიზეზი კოლტია, ანტიკოაგულანტები, ანუ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება. ისინი ჯერ ინტრავენურად შეჰყავთ, შემდეგ, უფრო ხანგრძლივად, დასალევად აძლევენ პაციენტს. მათი ზემოქმედებით შენადედი ზომაში აღარ იზრდება და ახლის წარმოქმნის რისკიც ნაკლებია. კოლტების დამშლელი მედიკამენტები (ფიბრინოლიზური ან თრომბოლიზური) შეიძლება ანტიკოაგულანტებზე უფრო ეფექტური გამოდგეს, თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას, როცა არტერია სრულად არ არის დახშული ან შენადედის სწრაფად დაშლაა შესაძლებელი. სისხლძარღვის სრულად დაცობიდან 30-60 წუთში შეუქცევადი, გამოუსწორებელი დაზიანება ვითარდება. თუმცა, ფიბრინოლიზური საშუალებები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პირველ 3 საათში.
დახშული არტერიის კოლტისგან გასათავისუფლებლად ზოგჯერ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რომელსაც გართულებებისა და ფატალური გამოსავლის დიდი ალბათობა ახლავს თან, თირკმლის ფუნქციას კი ანტიკოაგულანტებზე ან ფიბრინოლიზურ საშუალებებზე უკეთ ვერ აღადგენს. შესაბამისად, თითქმის ყოველთვის, ოპერაციას მედიკამენტურ მკურნალობას არჩევენ. თუ მიზეზი ტრავმაა, აუცილებელია არტერიის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული ჩარევით.
როცა თირკმლის არტერია ათეროსკლეროზის ან ფიბრომუსკულური დისპლაზიის გამო იხშობა, ექიმმა არტერიაში, საზარდულიდან, ბარძაყის არტერიის გავლით, შეიძლება ბალონური კათეტერი შეიყვანოს. ეს უკანასკნელი შემდეგ იბერება და დახშული სისხლძარღვი მექანიკურად ფართოვდება. პროცედურას კანგავლითი ტრანსლუმინარული ანგიოპლასტიკა ეწოდება. ამ დროს არტერიაში შეიძლება მოკლე მილი, სტენტი ჩაიდგას, რათა არტერია ხელახლა არ დაიხშოს. როცა ანგიოპლასტიკა ეფექტური არ არის, შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო დახშობის ადგილის ამოსაკვეთად ან სისხლის ნაკადისთვის შემოვლითი გზის შესაქმნელად.
ფიბრომუსკულური დისპლაზია – თირკმლის არტერიის დახშობის მიზეზი
ფიბრომუსკულური დისპლაზია უპირატესწილად 15-50 წლის ასაკის ქალების ხვედრია. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. დამახასიათებელია თირკმლის არტერიის რამდენიმე მონაკვეთის შევიწროება ფიბროზული ქსოვილით (თირკმლის არტერიის სტენოზი).
შემთხვევების 10%-ში თირკმლის არტერიის შევიწროება მოზრდილებში სწორედ ამ დაავადებით არის გამოწვეული. ხშირია სისხლის არტერიული წნევის მომატება.
მკურნალობის ძირითადი მეთოდი ანგიოპლასტიკაა. ამ ჩარევის შემდეგ ზოგჯერ შევიწროება აღარ მეორდება და არტერიული წნევის მაჩვენებლები ან მცირდება, ან ნორმას უბრუნდება. იშვიათად დაავადება თირკმლების უკმარისობას იწვევს.
თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მეცნიერებმა გენური ინჟინერიის მეშვეობით თანდაყოლილი სიყრუით დაბადებულ ბავშვებს სმენა აღუდგინეს
ხუთმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, რომლებიც თანდაყოლილი სიყრუით დაიბადნენ, გენური ინჟინერიის დახმარებით, სმენის საშუალება მიიღო და პირველი სიტყვებიც წარმოთქვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თანდაყოლილი სიყრუის განკურნების რევოლუციური მეთოდი ჰარვარდის მედიცინის სკოლისა და ფუდანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს. უკვე ჩატარდა კლინიკური ცდები, რომელთა შედეგებიც ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
თანდაყოლილი სიყრუე შესაძლოა 1500-მდე სხვადასხვა მუტაციამ გამოიწვიოს, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია იმ გენეტიკურ ხარვეზზე, რომელიც შიდა ყურსა და თავის ტვინს შორის ნერვულ კავშირს აზიანებს – მუტაცია DFNB9. შედეგად, ორგანიზმის კარგავს იმ ცილის წარმოების უნარს, რომელიც აუცილებელია ნერვული იმპულსების სმენის რეცეპტორებიდან ტვინში გადასაცემად. აქამდე ასეთ ბავშვებს მხოლოდ პროთეზირებით ეხმარებოდნენ – მათ თავში იმპლანტს უნერგავდნენ, თუმცა ეს პრობლემას ბოლომდე არ წყვეტდა. „ხელოვნური ყური“ ბავშვებს ტონის განსხვავებისა და ინტონაციის დაჭერის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად, მათ მუსიკის აღქმა უჭირდათ.
ახლა კი მეცნიერებმა უსაფრთხო ვირუსის გენომში დაზიანებული გენის ჯანსაღი ასლი ჩანერგეს და პაციენტების შიდა ყურში ინიექციის მეშვეობით მოათავსეს. ისინი განმარტავენ, რომ უჯრედში მოხვედრისთანავე ვირუსი დნმ-ის დაზიანებული ნაწილის „რემონტს“ იწყებს და გენის „დეფექტურ“ ასლს ჯანსაღით ცვლის, რომელიც უჯრედის ყოველი დაყოფის შემთხვევაში ნორმალურ გამრავლებას იწყებს. შესაბამისად, იწყება აუცილებელი ცილის წარმოება და ყურში წარმოქმნილი ნერვული სიგნალების ტვინში გადაცემა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ხმებზე რეაგირება ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა 6 ასეთი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა ერთ შემთხვევაში მკურნალობა წარუმატებელი იყო. სპეციალისტები ამის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა განმეორებითი პროცედურა მეექვსე პაციენტის შემთხვევაშიც წარმატებით დასრულდეს.
მეთოდის ავტორები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათი მეთოდი აშშ-ში უკვე უახლოეს წლებში დაამტკიცონ.














