ორგანიზაცია Finspot-ი ელექტრო ტექნიკის ქსელური მაღაზიების ფინანსურ მაჩვენებლებს 6 კომპანიის მაგალითზე გაეცნო: შპს “ზუმერი ჯორჯია” (Zoommer | ზუმერი); შპს “ალტა” (Alta | ალტა); სს “ელიტ ელექტრონიქსი” (Elite | ელიტი); შპს “ომეგა” (Megatechnica | მეგატექნიკა); შპს “ეი ბი სი -ტელეკომ ჯი” (Kontakt Home | კონტაქტ ჰოუმი); შპს “გრანდ ელექტრონიქსი” (GRAND Electronics | გრანდ ელექტრონიქსი).
კომპანიების ძირითადი საქმიანობაა სამომხმარებლო ელექტრო ტექნიკის იმპორტი და მისი რეალიზაცია საკუთარი საცალო ქსელების მეშვეობით. მსხვილი იმპორტიორები ასევე ახდენენ საბითუმო და კორპორატიულ (B2B) გაყიდვებს და მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში.
„ელექტრო ტექნიკის იმპორტიორების და რეალიზატორების მარჟები დაბალია. წარმოდგენილი 6 კომპანიის საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალო შეწონილით 12%-ია. ასეთი დაბალი მარჟა მცირე მასშტაბზე ოპერირებას ართულებს — პროდუქციის თვითღირებულებასა და ფიქსირებულ ხარჯებს შორის ბალანსის დაცვა რთულდება. ამიტომ ბაზარზე მომგებიან ოპერირებას უმეტესად მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები ახერხებენ, რომლებიც მასშტაბის ეფექტით და ხარჯების ოპტიმიზაციით ქმნიან კონკურენტულ უპირატესობას.
განხილული კომპანიებიდან 4 მომგებიანია და მოცულობითი დივიდენდების გაცემასაც ახერხებს (დეტალები იხილეთ ქვემოთ, “დივიდენდები“-ს სექციაში).
დანარჩენმა 2-მა კი ზარალით დახურა 2023 წელი. Kontakt Home-ი საქართველოს ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა, 2021-23 წლებში ₾21 მილიონის ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში და 3 წელზე ნაკლებ დროში მოახერხა ₾37 მილიონიანი ბრუნვის მიღწევა. თუმცა, ამ ეტაპისთვის კომპანია ზარალზე ოპერირებს.
ზარალით დახურა წელი GRAND Electronics-მაც, რისი ძირითადი მიზეზიც მაღალი საოპერაციო ხარჯები იყო. ეს უკანასკნელი კი მაღალმა სახელფასო და იჯარის დანახარჯებმა განაპირობა.
₾100 მილიონზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიებს შედარებით ფართო გეოგრაფიული დაფარვა აქვთ და თითოეული მათგანი 11-17-მდე მაღაზიას ფლობს. მცირე კონკურენტები კი ამჟამად 4-5 მაღაზიით ოპერირებენ“, – ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის, Zoommer-ი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ელექტრო ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ძირითადად ციფრულ ტექნიკაზე ფოკუსირდება.
„2023 წელს Zoommer-ის შემოსავლებმა ₾576 მილიონი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ მასშტაბის კომპანიის ზრდის ტემპი. Zoommer-ის შემოსავლები წლიურად 38%-ით გაიზარდა 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით კი კომპანიის ბრუნვა თითქმის 3.5-ჯერ არის გაზრდილი.
სექტორის მეორე მოთამაშის, Alta-ს შემოსავლებმა ₾362 მილიონი შეადგინა. კომპანია უმსხვილეს კონკურენტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება შემოსავლების ზრდის ტემპით. თუ 2019 წელს Alta-ს შემოსავლები 34%-ით აღემატებოდა Zoommer-ის შემოსავლებს, 2023 წელს Zoommer-ი გახდა ბაზრის უპირობო ლიდერი. [შენიშვნა: შესადარისობისთვის, Alta-ს ფინანსური მაჩვენებლები ეყრდნობა კომპანიის ინდივიდუალურ ანგარიშგებას. კონსოლიდრებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის შემოსავლები ₾389 მილიონი იყო.]
მესამე უმსხვილესი კომპანიაა Elite-ი, რომლის შემოსავლებმაც ₾310 მილიონიშეადგინა და ორციფრიან წლიურ ზრდასაც მიაღწია 2023 წელს (+14%). Elite-ი 2009 წლიდან იმყოფებოდა რეაბილიტაციის რეჟიმში – ფინანსური ვალდებულებების გადახდისუუნარობის გამო. კომპანიამ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად დაფარა და 2023 წლის აპრილიდან გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. [შენიშვნა: შესადარისობისთვის, Elite-ის ფინანსური მაჩვენებლები ეყრდნობა კომპანიის ინდივიდუალურ ანგარიშგებას. კონსოლიდრებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის შემოსავლები ₾335 მილიონი იყო.]
მეოთხე მოთამაშეს კი წარმოადგენს Megatechnica, რომელიც თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება მე-3 პოზიციაზე მყოფ Elite-ს. თუმცა, აღსანიშნავია რომ კომპანიას წარმოდგენილ კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი მომგებიანობის მარჟები აქვს.
დანარჩენი 2 წარმოდგენილი კონკურენტის შემოსავლები კი ₾24-₾37 მილიონის ფარგლებშია და ორივემ ზარალით დახურა 2023 წელი.
ელექტრო ტექნიკის რეალიზატორების საერთო მოგების მარჟები განსხვავებულია და 8.5%-18%-ის ფარგლებშია. 4 უმსხვილეს მოთამაშეს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს უკუპროპორციული დამოკიდებულება საერთო მოგების მარჟებსა და გაყიდვების მოცულობას შორის. მაგალითად, ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟის (8.4%) მქონე Zoommer-ს ყველაზე მაღალი ბაზრის წილი აქვს, ყველაზე მაღალი მარჟის (18.1%) მქონე Megatechnica-ს კი ტოპ 4 მოთამაშეს შორის – ყველაზე დაბალი ბაზრის წილი. ვინაიდან პროდუქციის დიფერენციაცია რთულია, მომხარებლები განსაკუთრებით სენსიტიურები არიან ფასის მიმართ.
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 8%-ია. ყველაზე ეფექტური ხარჯების მართვა Alta-ს აქვს. კომპანიის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში მხოლოდ 4.9%-ს შეადგენს.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რაც საშუალო შეწონილით შემოსავლების 3%-ს შეადგენს. მარკეტინგულ დანახარჯებში კი კომპანიები წლიურად ₾300 ათასიდან ₾3 მილიონამდე ხარჯავენ, რაც საშუალო შეწონილით ბრუნვის 0.7%-ს წარმოადგენს.
საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები საშუალო შეწონილით 4% და 6%, შესაბამისად.
კომპანიების ლევერიჯი საკმაოდ დაბალია, როგორც ეს Total Debt/EBITDA მაჩვენებელშია ასახული. ბალანსზე არსებული cash-ის გათვალისწინებით კი, კომპანიების ლევერიჯი კიდევ უფრო კარგად გამოიყურება.
კომპანიებს დადებითი საოპერაციო ფულადი ნაკადებიდან საკმაოდ მცირე კაპიტალური დანახარჯების გაწევა უწევთ ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავდროულად მცირე გასავალი აქვთ სესზე მომსახურებისთვის. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობას საკმარისი ფულადი ნაკადები რჩება დივიდენდის გასაცემად“, – წერია მიმოხილვაში.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურად შემდეგია:
1️⃣ Zoommer: ₾12.7 მილიონი
2️⃣ Alta: ₾54.4 მილიონი
3️⃣ Elite: ₾11.7 მილიონი (გაცემული 2023 წელს; მანამდე კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში იმყოფებოდა)
4️⃣ Megatechnica: ₾15.4 მილიონი
5️⃣ Kontakt Home: ₾0 (კომპანიამ მხოლოდ 2021 წელს დაიწყო საქართველოში ოპერირება)
6️⃣ GRAND Electronics: ₾0.7 მილიონი
გრაფიკში შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრო ტექნიკის იმპორტიორებისა და რეალიზატორების შემოსავლების დინამიკას 2019-23 წლებში:
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს “ზუმერი ჯორჯია” (Zoommer)
💼 კომპანიის მფლობელები:
– გიორგი მუშკუდიანი: 24%
– ვაჟა რეხვიაშვილი: 20%
– დიმიტრი კიკაჩეიშვილი: 20%
– გოჩა სამხარაძე: 16%
– ლევან გაფრინდაშვილი: 10
– დავითი კვარაცხელია: 6%
– გიორგი თუთარაშვილი: 4%
2️⃣ შპს “ალტა” (Alta)
💼 კომპანიის მფლობელები:
– ირაკლი კაკაბაძე (შპს “დაგეტა კაპიტალი”-ს გავლით): 47.5%
– თეა კაკაბაძე: 29.06%
– ნანა კასრელიშვილი: 7.39%
– ლევან ნიკოლაიშვილი: 5.1%
– სხვა: 10.95%
3️⃣ სს “ელიტ ელექტრონიქსი” (Elite)
💼 კომპანიის მფლობელები:
– შპს ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ: 51%
– შპს სი5 ინთეგრეიშენ: 49%
4️⃣ შპს “ომეგა” (Megatechnica)
💼 კომპანიის მფლობელები:
– გრიგორი გუდავაძე: 50%
– თამარა გაბრიელაშვილი: 40%
– ნინო გაბუნია: 10%
5️⃣ შპს “ეი ბი სი -ტელეკომ ჯი” (Kontakt Home)
💼 კომპანიის მფლობელი:
– შპს ეი ბი სი- ტელეკომ (აზერბაიჯანი): 100%
6️⃣ შპს “გრანდ ელექტრონიქსი” (GRAND Electronics)
💼 კომპანიის მფლობელი:
– ოვანეს ნაზარიანი: 100%