გიორგი ფხაკაძე — საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში — სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ღიად ისაუბრა პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არაკომპეტენტური პირების მხრიდან. მისი სიტყვები ასახავს იმ გამოწვევას, რომელსაც მეცნიერები და ექსპერტები აწყდებიან დეზინფორმაციის გავრცელების ეპოქაში.
„ჩემი დონე” — რას ნიშნავს ეს სინამდვილეში
ფხაკაძე წერს:
„ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო. სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო. მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო. ვაი-პოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასა და ვაქცინებთან დაკავშირებით. ბებო მარო — 8 კლასდამთავრებული — მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო. უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ. ახალგაზრდა კოლეგა კი — რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას და რძე ჯერ კიდევ არ შეშრობია ტუჩებზე — მეუბნება, შენ რა იცი ამდენს რომ საუბრობო, და ამტკიცებს, რომ ჩემი პუბლიკაციები ნაგავია და მე დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ვეწევი. და ასე შემდეგ — თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა.”
პასუხი კრიტიკოსებს
ამ „ექსპერტებსა” და „განათლებულ” ადამიანებს ფხაკაძე შემდეგნაირად პასუხობს:
„მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია — სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ და ვწერ ქართულად. მე არ ვარ სპორტსმენი — ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი, — რომ გაგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო ჩემპიონობისთვის. მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი, ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე — იმას ვერასდროს ვაჯობებ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ.”
განათლება და პროფესიული გზა
ფხაკაძე დეტალურად ასახელებს საკუთარ საგანმანათლებლო და პროფესიულ ბიოგრაფიას:
„მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული — სამწუხაროდ თუ საუბედუროდ: სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი. მე-2 სადოქტორო — 3 წელი (ვერ დავამთავრე, ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი). მე არ ვიყავი უმუშევარი — 18 წლიდან, ყოველთვის, 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად.”
მისი საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით შთამბეჭდავია: „ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი და ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში, ხოლო დაახლოებით 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე.”
პროფესიულ სფეროში კი გაიარა ყველა საფეხური დასაწყისიდან: „ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად — ქირურგად, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ექიმად. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში.”
სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა
ფხაკაძის სამეცნიერო პუბლიკაციები ხელმისაწვდომია Google Scholar-ზე. პირველი წიგნი 2001 წელს გამოაქვეყნა, შემდეგ კი დაგროვდა მრავალი წიგნი და სტატია ქართულ და ფრანგულ ენებზე.
„სამედიცინო განათლების კუთხით, 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში — ვარ კათედრის გამგე და პროფესორი. ასევე ვარ პოლონეთისა და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი. GAVI-ს ალიანსში წლებია სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეცნიერო და ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი და ვარ — აღარ ვახსენებ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობისა და გაეროს გენმდივნის მრჩევლობას.”
„პენსიონერი” — საკუთარი არჩევანით
პოსტი პირადი შეფასებით სრულდება:
„რისი თქმა მინდა — თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10-ჯერ წამოსული ვიყავი. როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე პენსიაზე გასვლა. და ახლა ვარ პენსიონერი — მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს.”
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). „ჩემი პასუხი “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს…“. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/chemi-pasukhi-eqspertebs-da-ganathlebul-adamianebs/

