სამგორის მეტროში გარდაცვლილი სტუდენტის, მარიამ ტყემალაძის დედა სოციალურ ქსელში ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს.
დედის მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნაში მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების მიზეზად, კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დგინდება.
“გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევისა და დამატებითი გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების გათვალისწინებით, დადგენილებაში გამოძიების მიერ დასმული კითხვების შესაბამისად ექსპერტიზა მიდის შემდეგ შედეგებამდე – მოქალაქე მარიამ ტყემალაძის სიკვდილის მიზეზია კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 4 საათი.მოქალაქე მარიამ ტყემალაძის გვამის გარეგნული გამოკვლევით აღინიშნებოდა “ვენაკათეტერიზაციის” (სამედიცო მანიპულაცია) კვალი,” – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.
“სამი თვეზე გვეღირსა ექსპერტიზის დასკვნა. მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა ამ დასკვნის დაჩქარებაში, რომ არა ეს ადამიანები ვინ იცის როდის გვაღირსებდნენ… ინტერესიდან გამომდინარე ვაქვეყნებ…” – წერს მარიამ ტყემალაძის დედა.


