„უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვა არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე…“.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ღირს დავით გარეჯელის ხსენების დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო,
ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო, მამა ილარიონ, მონასტრის მამებო და ძმებო, მამებო, დედებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენებას. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობთ აქ მოსვლით, აქ ლოცვით მის წმინდა საფლავთან, ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქართველოში ბერმონაზვნობის აღორძინებისა და გაძლიერებისთვის.
საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე, როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფე, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში, არამარტო საქართველოში, ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო.
როგორ, რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი? ბიბლიაში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლს“ (იგავ. 3, 34).
მამა დავითი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება, ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან. ყველა ადამიანი, ვისაც სურს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო და სულიერი ცხოვრებისა.
რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა: სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა.
რა თქმა უნდა, ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა; ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს.
დღეს წმინდა ლიტურგიაზე წაკითხულ სახარებაში იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს: „ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რასაც ითხოვთ ზეციერი მამისგან, მოგცემთ თქვენ, ჩემი სახელით თუ ითხოვთ. აქამდე არ გითხოვიათ ჩემი სახელით, ითხოვდეთ და მოგეცემათ“ (ინ. 16, 23-24). ბოლოს დასძენს: „რათა სიხარული თქვენი იყოს სრულყოფილი“ (ინ. 16, 24).
აი, წარმოიდგინეთ, თითქოს ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მოციქულებისადმი, თითქოს უფალმა ყველაფერი გაუხსნა, ასწავლა მათ და ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას ამ მცნებით ლოცვის შესახებ: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მთ. 7, 7). უფალი აძლევს ამ შესაძლებლობას.
მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო, უბრალო გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე. დაახლოებით ისე, როგორც შვილები სთხოვენ მშობლებს რაღაცას, ჩვენი ლოცვაც ასეთი უბრალო უნდა იყოს, გულის უბრალოებით. ამაზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „თუ არ იქნებით, როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მთ. 18, 3) და დასძენს: „ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში“ (მთ. 18, 4).
წარმოიდგინეთ, უფალი ამ მცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს. თითქოს ამბობს: იმისთვის მოვიდა, რომ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში, სულიწმინდის მადლი, რათა ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი; გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება გვეგონოს არასწორად, რომ უკვე ზრდასრულები ვართ, ღვთის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა, უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარვდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა, ისე ვევედროთ მამას და მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მას ვთხოვთ.
ამიტომ, როდესაც სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას; ლოცვის დროს განქარდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ირღვევა ყოველგვარი წინააღმდეგობა, ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, ვინც ლოცვა იცის, ის მაინც ყველაზე მდიდარია, ხოლო ვინც ლოცვა არ იცის და არ მიმართავს ლოცვას, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, მეფის ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბი იქნება.
ასე რომ, ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმინდის მადლის მოხვეჭაზე, ოღონდ კიდევ არის ერთი მთავარი პირობა: იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ, გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს: „მამას უყვარხართ თქვენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ და გწამთ, რომ მე ღვთისგან გამოვედი“ (ინ. 16, 27).
ასე რომ, თუ გვინდა, ეს მადლი და უფლება გვქონდეს, უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესნი, უნდა გვწამდეს მისი, ვსწავლობდეთ მისგან და გვიყვარდეს იგი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დავით გარეჯელის ხსენებას! შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა. ეს წმინდა მონასტერი დაიფაროს და გააძლიეროს და მისი მეოხებით შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ეს ლოცვის მადლი, სულიწმინდის მადლი, რათა გავხდეთ ტაძარი სულისა წმინდისა, რომ უფალი მკვიდრობდეს ჩვენში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
დავითგარეჯის მამათა მონასტერი
28 მაისი, 2026 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა


