დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი: ცხოვრებაში, მე მგონი ყველა დამეთანხმება, რომ არაფერი კარგი იოლი მისაღწევი არ არის. შრომის ჩადებაც ღირს, იმ ნერვების ჩადებაც ღირს… რა თქმა უნდა, ცხოვრება დავარცხნილი არ არის – ყვირილიც არის, ჩხუბიც არის, გაუგებრობებიც არის, მაგრამ ამავდროულად უზარმაზარი ბედნიერებაა და ეს ყველაფერი ამას ფარავს. ამიტომ არავინ შეეშინდეს. ვისაც შვილი უნდა, ღმერთის მიცემულს ღმერთი დაარჩენსო, ნათქვამია.
11 შვილის მშობლები ერთ ქუჩაზე გაიზარდნენ. მამა არჩილი 15 წლის იყო, როცა 12 წლის სალომე სიხარულიძეს პირველად შეხვდა. წლებთან ერთად მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება კი მალევე მიიღეს.
დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი: მე და მეუღლე ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, ერთ ქუჩაზე ვართ გაზრდილები. პირველად რომ გავიცანი, 12 წლის იყო, მე – 15-ის. პატარები დავოჯახდით. 20 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ შეგვეძინა. მერე ეკლესიაში რომ მივედით და ღვთის სწავლებას, მცნებებს გავეცანით, მივხვდით, რომ უფლის ერთ-ერთი მცნება – ადამიანზე მიცემული, იყო, რომ აღორძინდით და გამრავლდითო. მეც და მეუღლემაც გადავწყვიტეთ, რომ რამდენ შვილსაც უფალი მოგვცემდა, იმდენი გვყოლოდა. უნდა ითქვას, რომ მეუღლეს შვილები თავიდანვე ძალიან უნდოდა. მე ეგეთი არ ვიყავი (იცინის).
სალომე სიხარულიძე : სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიჭირდა. იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა შემეშინდა. მაგრამ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი: არადა, მე მეგონა, რომ არ შეშინებია (იცინის). მაგრამ ყველა ძალიან გვერდში დამიდგა. სტიქაროსანი ვიყავი, მედავითნე და აქედან გამომდინარე, მათთვის ცხოვრების წესში არაფერი შეცვლილა. მანამდეც ასე ვცხოვრობდით და მერეც. მღვდელი რომ გავხდი, რაც დრო გადის, სახლის გარეთ მეტი დროის გატარება მიწევს და ეს არის, თორემ… რომ გითხრათ, ცხოვრების წესში რაიმე შეიცვალა თქო – არა. ამ გზაზე მარტო არ დგები, იმიტომ, რომ ყველა შენთან ერთად დგება. მაინც შვილები ყველაზე მეტად იჩაგრებიან, იმიტომ, რომ არ აურჩევიათ (იცინის). ჩემი მეუღლე რომ ყოფილიყო, მეუღლემ აირჩია და ამათ მოუწიათ (იცინის). ვნახოთ, დაიზრდებიან და მერე ალბათ იტყვიან, კარგი იყო თუ ცუდი იყო. ჩემი ოცნებაა, როცა გაიზრდებიან, სულ ყველა ერთად შევიყაროთ. თავიანთი ცოლებით და შვილებით. იქ, უკან ეზოში, დიდი მაგიდა მინდა, მქონდეს და ერთად დავსხდეთ. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, თუ ღმერთი არ შეგვეწია, ეგ ყველაზე შეუსრულებელ მისიად მეჩვენება, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ერთად ბოლოს როდის ვიყავით, არც მახსენდება. უფროსი გოგო სპორტსმენს გაჰყვა, ბუდაპეშტში ცხოვრობენ. უფროსი ბიჭი – ის მუშაობს და, ფაქტობრივად, სახლში არ არის ხოლმე. ესენიც ყველა სწავლობენ და ძალიან გვიჭირს. ვხუმრობთ ხოლმე, თავზე რომ სურათი გვიკიდია, ყველა ერთად რომ ყოფილიყავით, ეს ფოტოშოპით ჩავაკერეთ-თქო (იცინის).


