ლილუაშვილის ადვოკატი: საჭიროების შემთხვევაში საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გავასაჩივრებთ
ლანა ცერცვაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ დაცვის მხარე მზად არის სამართლებრივი დავა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო-შიც გადაიტანოს.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხულმა მოწმეებმა ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რაიმე ფორმით მონაწილეობა არ დაადასტურეს.
ცერცვაძის განმარტებით, ხუთივე მოწმემ განაცხადა, რომ არც პირადად იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არც მათთვის ყოფილა ცნობილი მისი შესაძლო კავშირი აღნიშნულ საქმესთან.
მისივე თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია მხოლოდ ვერსიად ვერ დარჩება და იგი მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს, მათ შორის მოწმეების ჩვენებებითაც. ადვოკატი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი ჩვენებები დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს და ბრალდებულის კავშირს საქმესთან ვერ ადასტურებს.
ცერცვაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების მიზანი საქმის ობიექტური გარემოებების დადგენაა და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. მისი თქმით, დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ საბოლოო განაჩენი გამამართლებელი იქნება.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, თუმცა ბრალს არცერთ ეპიზოდში არ აღიარებს.
ცერცვაძის განცხადებით, დაცვის მხარეს სურდა, სასამართლო პროცესები საჯარო ყოფილიყო, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო საქმეში არსებული მასალები, რომლებიც, მისი შეფასებით, ლილუაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, დაცვის მხარე შეზღუდულია როგორც გაუთქმელობის ვალდებულებით, ისე პროცესის დახურული ფორმატით.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც, მათი შეფასებით, გარკვეული მასალების სრულად გაცნობაზე უარს უკავშირდება. ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქმე ეხება გამამართლებელი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარეს სრულად არ გადასცემია.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხები შესაძლოა საერთაშორისო ინსტანციებშიც გახდეს განხილვის საგანი.


