5 წლის კი არა, რიგ შემთხვევებში 6 წლის ასაკშიც კი ბავშვი სრულფასოვნად არ არის მზად, რომ ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ის ბავშვები დარეგისტრირდნენ პირველ კლასში, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით. – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფციის კომპონენტზე საუბრისას.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
„ერთ-ერთ გამოწვევად დავაიდენტიფიცირეთ ის გარემოება, რომ არ არის ის ძლიერი ბმა სკოლამდელ აღზრდასა და სკოლაში სწავლის დაწყებას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მოზარდის სულ მზაობას იმისთვის, რომ მისი ემოციური ფონი, სოციალური უნარები იყოს მზად იმისთვის, რომ სკოლაში ინტეგრირდეს. ამიტომ 5 წლის ასაკში კი არა, რიგ შემთხვევებში 6 წლის ასაკშიც კი ბავშვი სრულფასოვნად არ არის მზად, რომ ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. დაწყებითი კლასების მასწავლებლები მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ გაუიოლონ პროცესში ინტეგრირების საკითხი თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები, რომელიც რეფორმის ფარგლებში გადაწყვეტილებას საჭიროებს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის და ამომავალი პრინციპი, რომ ვიმოქმედოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც 6 წლის ასაკი შეუსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მათ ჰქონდეთ უფლება, რომ დარეგისტრირდნენ პირველ კლასში და შესაბამისად, მომავალი სასწავლო წლიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
რა თქმა უნდა ძალიან ბევრი იქნება სამუშაო სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით იმისთვის, რომ პროგრამებში შევიდეს გარკვეული ცვლილებები და პედაგოგების გადამზადება მოხდეს იმ ფორმით, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად შეესაბამებოდეს ბავშვების მომზადებას სასკოლო პროცესისათვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


