შიდა ქართლში ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ბარბარობა პირველი მეკვლეობაა. ამის თაობაზე გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა თამილა კოშორიძემ სპეციალური ნაშრომი დაწერა.
ბარბარობასთან დაკავშირებულ რიტუალებს ამ ნაშრომში ვრცელი ადგილი უკავია.
თამილა კოშორიძის მიერ მოძიებული მასალის მიხედვით, მეკვლე დიდხანს და დინჯად უნდა მჯდარიყო ტახტზე. თუ ის ადრე ადგებოდა, იმ წელს ოჯახის დიასახლისი კრუხს ვერ გააჩერებდა კვერცხებზე.
ამ დღეს ახალი სიძე აუცილებლად მივიდოდა სიდედრთან და საჩუქარს, ე.წ. “სასიდედროს” მიიტანდა.
“მთავარი მეკვლეობა ბარბარობა იყო. თუ ვინმეს ფეხი დაცდილი გვქონდა, იმას მოვიწვევდით, თუ არა და შემოსწრებული იქნება მეკვლე”
“ბარბარობა დილას ქართლელები ტახტზე ქერის, ხორბლის ან სიმინდის მარცვლებს მოაბნევდნენ უხვად და სახლში შემოსულ მეკვლეს ზედ დასვამდნენ, ფეხებს მოაკეცინებდნენ და თან დასძახებდნენ: – მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო.
ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ – ბარბალობას ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ “მოფუზული” (მობუზული თ.კ.) წიწილები იცისო”
ალი (ფრონეს ხეობაში) – “ბარბალობას ჩვეულებისამებრ აცხობდნენ ლობიან პურებს და ზეთში გაკეთებულ ქადას. ამას ჯამზე დააწყობდნენ, მოიწვევდნენ მეკვლეს, რომელიც ნამცხვარს ხელში აიღებდა და დაილოცებოდა კარგ მოსავალზე. მეკვლეს ფეხებთან სიმინდს ან ხორბალს მიაყრიდნენ, ვითომც თესავდნენ და კარგ მოსავალს შესთხოვდნენ ბარბალეს. შემდეგ ნამცხვრებს შეჭამდნენ” .
ამავე დღეს ცხვებოდა ნიგვზიანი ქადები, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ – გმომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი 7 ანგელოზის სახელზე 7 კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას – ცხრაფურცელას გამოაცხობდა).
მნიშვნელოვანია ის საჩუქარიც, რომელსაც მეკვლე მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ტკბილეული. იყო შემთხვევა, როდესაც ბარბარობას ოჯახში შემთხვევით მისულ სტუმარს ჩანთაში ნიორი ჰქონდა და იმ წელს ოჯახში ბევრი უბედურება დატრიალებულა.
ამის შემდეგ ოჯახის პატრონი ისე შეშინებულა, რომ ბარბარობას სტუმრის მოსვლა აღარ უხაროდა.
დღეისათვის საქართველოს ყველა კუთხეში ბარბარობას ცხვება სამარხვო ლობიანები, ხოლო შიდა ქართლში ძველი ტრადიციული ოჯახის დიასახლისი აცხობს ნიგვზიან და “გულიან” (სამარხვო), ქადებსაც. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


