სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპრეზიდენტის შეწყალება: ბაიდენი, ტრამპი, კლინტონი, ფორდი... როგორ იყენებენ ამერიკის პრეზიდენტები ამ „ბოლო...

პრეზიდენტის შეწყალება: ბაიდენი, ტრამპი, კლინტონი, ფორდი… როგორ იყენებენ ამერიკის პრეზიდენტები ამ „ბოლო უფლებას“

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკვეთრად შემობრუნდა – მთელი თავისი უფლებამოსილების განმავლობაში ის აცხადებდა, რომ არ აპატიებდა დანაშაულს თავის შვილ ჰანტერს, რომელსაც იარაღის უკანონო შენახვა და საგადასახადო თაღლითობა ედებოდა ბრალად და 42 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს უნდა დატოვოს, გადაწყვეტილება შეცვალა.

„არც ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც ჰანტერის საქმეს იცნობს, არ შეიძლება სხვა დასკვნამდე მივიდეს, გარდა ერთისა: ჰანტერი მხოლოდ იმიტომ გაწირეს, რომ ჩემი შვილია – და ეს არასწორია“, – ასე იმართლებს თავს ბაიდენი და „სასამართლოს შეცდომაზე“ საუბრობს.

„ჯო ბაიდენის მიერ ახლახან გადადგმული ნაბიჯის პოლიტიკური წონა ძალზე მნიშვნელოვანია. უპირველესად იმით, რომ რაშიც ჰანტერს ადანაშაულებენ, ირიბად ჯო ბაიდენის პრეზიდენტობას უკავშირდება და დამაჯერებლობას მატებს დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო საქმეებს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული გააჩნია“, – მიიჩნევს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის უახლესი ისტორიის პროფესორი და შეერთებული შტატების საკითხების სპეციალისტი, სერჟ ჟუმაინი.

თუმცა, ჯო ბაიდენი სულაც არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც აშშ-ს კონსტიტუციით გათვალისწინებული „შეწყალების უფლებით“ ისარგებლა. ამერიკის პოლიტიკურ ისტორიას მრავალი მსგავსი შემთხვევა ახსოვს. მაგრამ არის თუ არა ეს უფლება აბსოლუტური? რას შეიძლება ველოდოთ დონალდ ტრამპისგან?

მრავალი პრეცედენტი

ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, 5 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტის რეაქციამაც არ დააყოვნა. სოციალურ ქსელებში ტრამპმა „კანონის ბოროტად გამოყენება“ დაგმო და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დემოკრატმა პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობების მონაწილეები არ შეიწყალა.

 

თუმცა, ასეთი პრაქტიკა არც პრეზიდენტ ტრამპისთვის არის უცხო. პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს წინააღმდეგობრივი ხასიათის შეწყალებების მთელი სერიით, მან საკუთარი ბანაკიც კი აღაშფოთა.

დონალდ ტრამპის მაშინდელ ბენეფიციარებს შორის იყვნენ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, როჯერ სტოუნი – ორი მთავარი ფიგურა, რომლებიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებაში მონაწილეობდნენ. შეწყალებულთა სიაში ასევე მოხვდნენ: მისი სიძის მამა ჩარლზ კუშნერი, რომელიც საგადასახადო თაღლითობაში იყო მსჯავრდებული, ასევე უსაფრთხოების ცნობილი კერძო ფირმა Blackwater-ის ყოფილი აგენტები, რომლებიც 2007 წელს ბაღდადში ერაყის 14 მოქალაქის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

  თბილისის 4 საჯარო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს — რას განმარტავს ბაგა-ბაღების სააგენტო

ჯო ბაიდენამდე და დონალდ ტრამპამდე, ამერიკის პოლიტიკაში თავიანთი კვალი (შეწყალების კუთხით) სხვა პრეზიდენტებმა დატოვეს.

არის თუ არა პრეზიდენტის შეწყალება აბსოლუტური უფლება?

აშშ-ს კონსტიტუციის მე-2 მუხლი პრეზიდენტს უფლებას აძლევს, შეიწყალოს ნებისმიერი პირი, ვინც ფედერალური დანაშაული ჩაიდინა.

„პრეზიდენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, სასჯელისგან გაათავისუფლოს და შეიწყალოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენი, გარდა იმპიჩმენტის შემთხვევებისა“.- (აშშ-ს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი)

 

უზენაესმა სასამართლომ ამ უფლების ფარგლები განმარტა: პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს სასჯელი, გამოაცხადოს ამნისტია ან შეიწყალოს ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები ან ორგანიზაციები, მაგრამ მხოლოდ ფედერალური დანაშაულების კონტექსტში. ცალკეული შტატების კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულობების შემთხვევაში, ეს პრეროგატივა გადადის ან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე, ანუ გუბერნატორზე, ან სპეციალურ კომისიაზე.

„შეწყალების უფლების თავისებურება ის არის, რომ ის იმ უფლებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ადრე აბსოლუტურ სუვერენს გააჩნდა. აშშ-ს პრეზიდენტებმა მხოლოდ „ბოლო ინსტანციის უფლებამოსილება“ შეინარჩუნეს. თუმცა, შეერთებული შტატები ამ მხრივ უნიკალური არ არის. ასეთი მოდელი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს“, – განმარტავს სერჟ ჟუმაინი.

ეს პრეროგატივა არც დროშია შეზღუდული და დანაშაულის ჩადენის მომენტიდან აითვლება. ამიტომ, პირის შეწყალება შესაძლებელია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდეც, როგორც ეს ჰანტერ ბაიდენის შემთხვევაში მოხდა.

დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი მამის ჩრდილში მუშაობს, რათა „ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს“ (ფრანგულ ენაზე)

უპრეცედენტო მასშტაბის პრეზიდენტის შეწყალება?

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანია დაიწყო, არასოდეს დავიწყებია იმის გამეორება, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არეულობის ყველა მონაწილეს შეიწყალებს, რომელსაც ის „6 იანვრის მძევლებს“ უწოდებს. „ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის პირველი ქმედება იქნება საზღვრის ჩაკეტვა […] და 6 იანვარს უსამართლოდ დაპატიმრებული მძევლების გათავისუფლება“, – დაწერა მან 2024 წლის მარტში თავის სოციალურ ქსელ Truth-ში.

 

ბრალი სულ 1 424 პირს წაუყენეს. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, 884 ბრალდებულს სხვადასხვა სასჯელი გამოუტანეს, მათგან 541-ს – თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამიტომ, პრეზიდენტის მიერ ასეთი მასშტაბის შეწყალება უპრეცედენტო იქნება. „ამერიკული კანონმდებლობა შეწყალებულთა რაოდენობაზე შეზღუდვებს არ აწესებს. შეწყალება, როგორც წესი, კონკრეტულ პირს ეხება, მაგრამ დონალდ ტრამპს არაფერი შეუშლის ხელს, არეულობის ყველა მონაწილე შეიწყალოს“, – აღნიშნავს სერჟ ჟუმაინი.

  მარკ ცუკერბერგმა თავისი ცოლის ქანდაკება შეუკვეთა

ამერიკულმა მართლმსაჯულებამ კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობაში თავად ტრამპიც დაადანაშაულა. ის არაერთხელ გამოვიდა „საპრეზიდენტო თვითშეწყალების“ შემოღების მოწოდებით, მაგრამ ეს ჰიპოთეზა იურისტ ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, რადგან ამ საკითხზე სამართლებრივ დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი. „ამერიკის კონსტიტუციის მამები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეერთებული შტატების სათავეში იქნებოდა მართლმსაჯულების მიერ დევნილი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი თავის შეწყალებას მოისურვებდა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ასეთი ჰიპოტეტური დებატები ბოლოს უზენაეს სასამართლოში დასრულდებოდა, სადაც დონალდ ტრამპს რამდენიმე მოსამართლე ჰყავს დანიშნული“,- ამბობს სერჟ ჟუმაინი.

თუმცა, ახლადარჩეულ პრეზიდენტს ასე შორს წასვლა, ალბათ, აღარ სჭირდება: ჟუმაინის თქმით, „ყველა სამართლებრივი ბრალდება, რომელიც ტრამპს წაუყენეს, თანდათან ქრება“ – მისი ახალი საპრეზიდენტო სტატუსის გამო, სპეციალურმა პროკურორმა ცოტა ხნის წინ გასცა რეკომენდაცია, შეწყვეტილიყო დონალდ ტრამპის სამართლებრივი დევნა, რომელიც მის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის მიმდინარეობდა. ეს რეკომენდაცია მოსამართლემ უკვე გაითვალისწინა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი