როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სისუფთავისა და წესრიგისადმი ყველას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. თუ ზოგი ადამიანი რეგულარულად ასუფთავებს საცხოვრებელს, ზოგს შესაძლოა ბინის მოწესრიგება საერთოდ არ აღელვებდეს.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები იყოს.
არეულობა სახლში — ნამდვილი მიზეზები
არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ თუ ადამიანი თავს ბინის მოწესრიგებას ვერ აიძულებს, ეს მხოლოდ ნებისყოფის პრობლემებით არ არის განპირობებული.
როგორც კლინიკური ფსიქოლოგი სიუზან ჰეიტლერი ამბობს, ამას საფუძვლად შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ედოს. სამწუხარო ისაა, რომ რაც უფრო მატულობს არეულობა და უწესრიგობა სახლში, მით მეტად ღრმავდება აშლილობები — ნივთების ავტომატურად გადაადგილება და მტვრის გადაწმენდა ნამდვილად არ ეხმარება ადამიანს პრობლემების აღმოფხვრაში.
მუდმივი არეულობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი ნივთების შეგროვებით გატაცებაა. ერთია, როცა ადამიანი დროთა განმავლობაში გამოხშირავს შეგროვილ ნივთებს და სულ სხვაა, როცა ეს ჩვევა პათოლოგიურ შემგროვებლობაში გადადის.
შემგროვებლობის მთავარი სიმპტომია ძველი ნივთების შენახვა იმ იმედით, რომ ოდესმე ისინი აუცილებლად გამოდგება.
არეული საცხოვრებლის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სახლის მიმართ სიმპათიის ნაკლებობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს რაიმე მიზეზით არ მოსწონს თავისი საცხოვრებელი, მაშინ მას არც უჩნდება სურვილი, გახადოს იგი უფრო სუფთა და კომფორტული.
რა აშლილობაზე შეიძლება მიუთითებდეს არეულობა სახლში
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს:
უმწიფრობა, ანუ ინფანტილიზმი — ადამიანი შეიძლება იყოს ასაკთან შედარებით მეტად განვითარებული და პროფესიაში რეალიზებულიც კი, მაგრამ ამავე დროს — აბსოლუტურად მოუმზადებელი ყოველდღიური ყოფისთვის. ეს ჩვეულებრივ გამოიხატება იმით, რომ ადამიანს არ სურს პასუხისმგებლობის აღება ბინის მოწყობასა და სისუფთავეზე.
ქრონიკული სტრესი — დეპრესიამ, შფოთვამ, დანაკარგზე ნერვიულობამ თუ აპათიამ ადამიანს შესაძლოა შემგროვებლობისკენ უბიძგოს. ასეთ შემთხვევებში ადამიანი ამ გზით ცდილობს გაუმკლავდეს დარდს და ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს პრობლემები. მაგრამ, სამწუხაროდ, არეული სახლი კიდევ მეტად ამძაფრებს პრობლემას.
პროკრასტინაცია — საქმის სამომავლოდ გადადების ჩვევა. ამის მიღმა, როგორც წესი, იმალება არა მარტო მოტივაციის ნაკლებობა, არამედ საკუთარ ძალებში დაეჭვება, შინაგანი შიშები და პროტესტიც კი. ადამიანი ჯერ ვადებსა და შეთანხმებებს არღვევს, შემდეგ კი საკუთარ თავს საყვედურობს ამის გამო. და ასე დაუსრულებლად.
ყურადღების დეფიციტი — ინგლისის რასკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე და ჰიპერაქტიური ადამიანები ბევრად მიდრეკილი არიან ქაოსისა და არეულობისკენ. ქრონიკული არეულობა მათთვის ნამდვილად შეიძლება იყოს ერთგვარი მანიპულაცია ყურადღების მიპყრობის იმედით. გარდა ამისა, ისეც ხდება, რომ ადამიანები მარადიულ არეულობაში ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ ამჯობინებენ, რომ იმ იდეალური სურათის მიღწევა, რომელიც თავში აქვთ ჩამოყალიბებული, შეუძლებელი ჰგონიათ, და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ცდა არც კი ღირს. ნახევრად შესრულებულ საქმეს კი პირად წარუმატებლობად და კატასტროფად აღიქვამენ და ამიტომ ურჩევნიათ არც კი დაიწყონ მისი კეთება.
მასალის გამოყენების პირობები