ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მომხდარი 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი ბრალდებული ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს კი 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ახვლედიანის შემთხვევაში გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოება, ის რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.
სასამართლო პროცესზე სიტყვა ითხოვა მოკლულის დედამ. მარინა მაძღარაშვილმა მკვლელობის გარემოებაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. სასამართლოს კი ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა ბრალდებულების ახლობლების მხრიდან.ისინი მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედას და პროკურორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ლეღვაში ბაჟუნაიშვილების სახლში გასულ წელს მოხდა. 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტყეში დამარხული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.
საქმეზე ასევე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულის მამა და ბიძაც. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ შეუფარდა 5 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები