ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ მეგობარს, თამაზ მეჭიაურს ემოციურ პოსტს უძღვნის

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. მისი მეგობარი, პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეგობარს იხსენებს.

„ორი წელი გავიდა…

ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამ ქვეყნიდან წინსწრებით გასვლა.

უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს, გვჭირდებოდი ჩვენ – უფრო მეტად შენს მეგობრებს…

- Advertisement -
Ad imageAd image

სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი წესით ნაცხოვრები კაცები არ ტოვებენ… მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად ნატკენი გული… რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანამდევი სენია, ავადმყოფობაა. დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს ქვეყნისთვის ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია,

თვალი გონებისა, სინათლისა და სიყვარულის მადლით მხედველი… დროს ვერ მოვერიეთ, დროს – ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქარათველო…. არა მგონია იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია…

მართალი არ ვიქნები თუ ამ დღეებში შენთვის დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამაპაპათა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად…

ცრემლმა გაგალა თვალები,

უნდა უცრემლოდ გიტირო,

- Advertisement -
Ad imageAd image

აღარც შენ მეპიტნავები

შენაც ამჯავრდი სიკვდილო!

სიცოცხლესთან ხარ შეთქმული,

სულეთს გაუღე კარები,

სამშობლოსათვის ერთგულნი

მიდიან ლომა ხარები.

მზერა დაბინდეს ნისლებმა,

გავალ, მდუმარე გავცდები,

წუთისოფელი იცლება

თვირთვილიანი კაცების.

გზა ტკივილებით გავლიე,

ფიქრმა გაძარცვა გონება,

შენი დროც მოვა, ტარიელ!

აქ აღარ დაგედგომება…

არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო…

ტარიელ ხარხელაური“.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური 2022 წლის 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ მეგობარს, თამაზ მეჭიაურს ემოციურ პოსტს უძღვნის. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტარიელ-ხარხელაური-გარდაც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi