გთავაზობთ გიორგი შენგელაიასთან 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუს “კვირის პალიტრის” არქივიდან:
გინახავთ, როგორ ბალიშისპირებს კერავდნენ ძველი ქართველი ქალები?
დარაიის კაბებს, მოჩითულ ხილაბანდებს, მიტკლის პერანგებს, ჩითის წინსაფრებს რომ შეიკერავდნენ, მორჩენილ ნაკუწებს სამკუთხედებად დაჭრიდნენ, ერთმანეთს შეუხამებდნენ და გადააკერებდნენ ყვავილებად. მერე ამითი საბნისა და ბალიშისპირებს კერავდნენ. მარტო ულამაზესი კი არ იყო ასეთი საბან-ბალიში, თითქოს წარსულსაც გიყვებოდა და დედის კალთის სითბოც ახლდა. ერთი-ორჯერ მინახავს ჭრელ-ჭრელი ბალიშები… და კიდევ ჩარჩოში ჩასმული ასეთი “ტილო”, სინამდვილეში ქართველი გლეხი ქალის შეკერილი ბალიშისპირი, გიორგი შენგელაიასთან ვნახე. ეს პატარა ნიუანსი ჩემთვის ძალიან მეტყველია, ისევე, როგორც მისი ფაქსიმილე… ხომ იშვიათია, ადამიანი პირად ხელმოწერაში მამის სახელის ინიციალსაც წერდეს – გ. ნ. შენგელაია… ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს… ყველაფერი მისი ცხოვრების “ვითარებანით” საზრდოობს…
– ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის – ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი… მამა სულ ახალგაზრდა – 42 წლის იყო.
ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა…
ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.
მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი… ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ… ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.
ასევე დაგაინტერესებთ
“მოისურვა, “პიკასოს ბიჭი” აუცილებლად უნდა ვნახოო, ისე როგორ წამოვიდოდა, ეგ არ ენახა?! რეზო ჭეიშვილის საფლავზეც ვიყავით…” – ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო ქუთაისში
“მე თუ კაცი ვარ, დედაჩემის ძეგლს აუცილებლად გადავაგდებ!”
“ბატონი ბიძინა მეოჯახე კაცია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს”
მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.
ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად… კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა… ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს…
ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა – სხვა… დედაჩემის მერე – სხვა…
დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა – სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა… ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა…
რეზო ჩხეიძემ “ჩვენ ეზოში” სოფიკო ჭიაურელი მიიწვია – მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს… სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: – რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ…
“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” რომ დაიწყო მიხეილ ჭიაურელმა, უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. გვითხრა, ამ ფილმში თქვენ უნდა ითამაშოთო.
ვიდრე მხატვრული ფილმების დადგმას მოვკიდებდი ხელს, დოკუმენტურს მივადექი. ჩემი პირველი სურათი ფიროსმანზე იყო. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, გადავიღე “ქართული ხელნაწერები”. უნიკალური სურათია იმ მხრივ, რომ იმ ხელნაწერების გადაღება განათებით არ შეიძლება. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელო მეტრეველს მოველაპარაკეთ, ავიტანეთ კომბინირებული გადაღების უშველებელი კამერა, რომელსაც შეუძლია თითო კადრი გადაიღოს და განათება არ სჭირდება…
საბჭოთა დროს არავინ ფიქრობდა ფილმის გაყიდვა-გაქირავებაზე. ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებდა, თუმცა იყო ცენზურა – მოითხოვდნენ, ძირითადად, მუშებსა და გლეხებზე გადაგვეღო სურათები. მაგრამ სტალინის დროინდელი მარწუხები უკვე მოსუსტებული იყო. გავაძვრინეთ რაღაცნაირად მე და ოთარ იოსელიანმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მე – “ალავერდობა”, ოთარმა – “აპრილი”. ეს ორი სურათი ალმანახად გამოვიდა დიდ ეკრანზე. მან განსაზღვრა ჩემი რეჟისორული გზა…
სწორედ “ალავერდობა” იყო ჩემი პირველი მხატვრული სურათი, რომლის შექმნაც გურამ რჩეულიშვილთან, ერლომ ახვლედიანთან, ფელიქს ღლონტთან, ზურაბ ნიჟარაძესთან, დიმა ერისთავთან მეგობრობამ განაპირობა…
დედაჩემი და მამაჩემი გეიდარ ფალავანდიშვილის მშობლებთან მეგობრობდნენ. მე და გეიდარი კი საბავშვო ბაღიდან ერთად ვიზრდებოდით. ბევრი ვეძებე “ალავერდობის” პერსონაჟი, მაგრამ გეიდარი იმდენად გამოკვეთილი გარეგნობისა იყო, ვარჩიე, გადამეღო… ბედმა გამიღიმა.
პირველად რომ ვიღებდი მხატვრულ ფილმს, მეშინოდა, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. ახლაც რომ გადავიღო, ნერვიულობა მომკლავს – აბა, რა გამოვა, როგორი გამოვა-მეთქი. სურათი არ ჩამვარდნია. ზოგი ამბობდა, – “ალავერდობის” მერე “სიყვარული ყველას უნდას” როგორ იღებსო… ისეთ სურათებზე, როგორიც არის “ვერის უბნის მელოდიები”, სულიერად ვისვენებ…
ძალიან მეხმარება რეჟისურაში ის, რომ თავად მაქვს მსახიობობის პრაქტიკა. “ხარება და გოგიას” რომ ვიღებდი, ლევან თედიაშვილი და ომარ ფხაკაძე იდგნენ გაქვავებული, ვერაფერს აკეთებდნენ. დავიწყე თამაში ორივეს მაგივრად. სრულად
მასალის გამოყენების პირობები