ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება, რაც მატერიალური დოკუმენტის ნაცვლად, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერას ითვალისწინებს.
ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.ge
ელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას, ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი სიახლეა, შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს:
·მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას;
·გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას;
· გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას.
ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.
ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვინეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა – ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში:
·თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას ან ავტომობილს;
· თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი;
· თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი.
ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
განხორციელებული სიახლის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace- ,,შეხვედრების სივრცე” დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით – ,,RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შემოსავლების სამსახური – 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულად განხორციელდება – რა შემთხვევაში შესყიდვის არ არის საჭირო აქტის გამოწერა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შემოსავლების-სამსახური-1/
