კვირა, ნოემბერი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 2.75 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი

1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 2.75 ლარამდე იზრდება – კანონპროექტი

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, იმპორტულ სიგარეტზე აქციზის ფასი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილების მთავარი მიზანი “ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა”.

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება – ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის და თორნიკე ბერეკაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ამავე კანონპროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო და 1.9 ლარს შეადგენდა, 1.3 ლარით განისაზღვრება.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი ვრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. ამასთან, ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ამასთან, ადვალური კომპონენტის აქციზი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზე და ის 30%-ის ნაცვლად 20%-ით განისაზღვრება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძირითადად იმპორტირებული თამბაქოს ბრენდებს მოიხმარენ, სიგარეტის საშუალო ფასი 2026 წლიდან გაიზრდება.

“კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირება. გარდა ამისა, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც.

ადგილობრივი წარმოების სიგარეტების (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ისე კონკურენტულ გარემოზე. შედეგად, ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკურენტული გარემო და ბაზარზე გაიზრდება ადგილობრივი წარმოების წილი. აღნიშნული ხელსაყრელ პირობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა.

  წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით; 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. – 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.

მთლიანობაში 2024 წელს მთავრობამ ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარი, იმპორტულ სიგარეტზე კი 1.15 მილიარდი ლარი.

ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტმა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე შეღავათი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი