ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ახალი სამთავრობო რეფორმის ქვაკუთხედად უნდა იქცეს. რამას აზრით, სამინისტროების მართვაში AI ტექნოლოგია მნიშვნელოვნად უნდა ჩაერთოს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნეპოტიზმი და კორუფციის ნიშნები ჩანასახშივე აღმოიფხვრას.
პრემიერ-მინისტრის აზრით, ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო შესყიდვები და საბაჟო მომსახურება საზღვრებზე. ამასთან, ახალმა ტექნოლოგიამ უნდა ჩაიბაროს დრონებიდან და სატელიტებიდან მიღებული ფოტო-ვიდეო მასალები, რათა უმოკლეს დროში დადგინდეს, მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში უნებართვო მშენებლობები.
მართალია, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ინიციატივა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა რამა კოლეგების დარწმუნებას სამთავრობო რეფორმის ნაწილად AI ტექნოლოგიის ქცევაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უცხო არაა. AI-ს ხელისუფლება არაერთი სამთავრობო შესყიდვისა თუ საგადასახადო საკითხების გასაკონტროლებლად იყენებს.
ედი რამა იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც დაეხმარება.