მექსიკაში ერთ-ერთი მთავარი ნარკოკარტელის ლიდერის, ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ არეულობა დაიწყო. ქვეყნის რამდენიმე რაიონში ბლოკირებულია გზები, ავტომობილებს კი ცეცხლს უკიდებენ. შტატ ხალისკოს გუბერნატორმა საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა და ადგილობრივებს სთხოვა, სახლებიდან არ გავიდნენ. შტატში დღეს სასკოლო პროცესიც შეჩერებულია.
ნარკოკარტელის წარმომადგენლების თავდასხმების გამო რამდენიმე რაიონში მოძრაობაა პარალიზებული. არ მუშაობს რკინიგზა, შეჩერებულია ავტობუსების მიმოსვლა. გაუქმებულია მექსიკის საფეხბურთო ლიგის მატჩები.
ავიაკომპანიამ Air Canada კი პუერტო-ვალიარას აეროპორტში რეისები გააუქმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კარტელის წევრები გვადალახარას აეროპორტში შეიჭრნენ, მგზავრები კი თავშესაფარს ეძებდნენ.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ელ მენჩოს ლიკვიდაციის შემდეგ კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს ყველა რეგიონის ადმინისტრაციასთან. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა სამხედროების ქმედებებს.
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, „ელ მენჩო“ მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ნარკობარონი, რომლის ოფიციალური სახელი ნემესიო ისეგერა სერვანტესია, დღეს ჰალისკოს შტატში მოკლეს.
59 წლის განგსტერი იყო ლიდერი დაჯგუფებისა, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა სახელით „ჰალისკოს ახალი თაობა“.
მედიაში ერთ-ერთ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ჰალისკოს შტატში სამხედრო ოპერაციის დროს მოხდა.
ნარკოკარტელის ბოსი ჰალისკოსა და სხვა შტატებში ცეცხლმოკიდებული ავტომობილების საშუალებით გზების ბლოკირების შემდეგ მოკლეს. როგორც ცნობილია, ასეთ ტაქტიკებს კარტელები სამხედრო ოპერაციების ბლოკირებისთვის იყენებენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჰალისკოს შტატის ქალაქ პუერტო-ვალიარტას თავზე კვამლი ადის, ხალხი კი აეროპორტში პანიკაშია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს „ელ მენჩოს“ შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.


