რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, დეპუტატი ხათუნა სამნიძე სამშობლოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა – მან შეძლო, სიმსივნე დაემარცხებინა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმასა და საქმიანობასაც უბრუნდება.
ხათუნა სამნიძე: ძალიან დიდხანს ვიყავი წასული სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში და ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ მცირე ხნით ჩამოვედი საქართველოში. ქიმიოთერაპიის ბოლო რამდენიმე გადასხმა საქართველოში გავიკეთე და მერე ისევ წავედი.
მაშინ სულ რამდენიმე კვირით ვიყავი აქ და რა თქმა უნდა, საქმიანობას აქტიურად ვერ დავუბრუნდი, თან, ჯერ კიდევ ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, თუმცა ბევრი ჩემი საყვარელი და მონატრებული ადამიანი ვნახე.
ახლა უკვე საბოლოოდ დავბრუნდი. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას დავარქვი „მშვიდობა მკაცრი კონტროლის ქვეშ“, იმიტომ, რომ მკურნალობა გრძელდება და კონტროლი, რა თქმა უნდა, საჭიროა. რაც მთავარია, უკვე კარგად ვარ და შემიძლია, დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, რისი საშუალებაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მქონდა. როცა ამ დიაგნოზის შესახებ გავიგე, თითქოს, დრო გაჩერდა. როგორც წესი, აქტიური ადამიანი ვიყავი, ძალიან გადატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, არაერთ საქმიანობაში ვიყავი ჩართული, მაგრამ უცებ, თითქოს, მოქმედება შეწყდა და სურათი გაშეშდა. მთელი მკურნალობის პერიოდი ვუყურებდი ულამაზეს ხეს, რომლის აყვავებასაც ველოდი. როდესაც აეროპორტში გახარებული ახლობლები დამხვდნენ, როცა თვეების განმავლობაში უნახავი შვილი ვნახე, რომელიც სრულიად შეიცვალა, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ხე აყვავდა და ახლა შეგვიძლია, ერთად და მშვიდად ვიყოთ. გადავწყვიტე, პარლამენტშიც წავსულიყავი და ნელ-ნელა ჩვეულ საქმიანობას დავბრუნებოდი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, როცა იქ ჩემი ფეხით მისვლა და მუშაობა შევძელი. როგორც იცით, საბრიფინგე სივრცეშიც გამოვედი, სადაც ყველა ჟურნალისტი იკრიბება. ვცდილობ, არ დავმალო, რომ ავად ვიყავი, ამიტომ თავზეც არაფერი მეფარა. ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე ჟურნალისტებისგან და მინდა, გითხრათ, რომ ჩემნაირი პაციენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით ემოციებსა და რწმენას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, უამრავი ადამიანი მარწმუნებდა, რომ აუცილებლად გამოვჯანმრთელდებოდი. ჩემს საჯაროდ გამოჩენას არცერთი უარყოფითი მესიჯი არ მოჰყოლია და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დამეხმარა.
დასაწყისში ბევრი ვიფიქრე, საჯაროდ მეთქვა თუ არა ამის თაობაზე. თავიდან შოკი მქონდა და ახლობლებისთვის გაზიარებაც კი მიჭირდა, მაგრამ ძალიან მალე, როცა საჯაროდ გამოვჩნდი და ჩემს მდგომარეობაზე ღიად ვილაპარაკე, ძალიან დიდი სიყვარული, გამხნევება და მხარდაჭერა მივიღე. არავის შევცოდებივარ, ყველა ჩემი ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და მეუბნებოდნენ, თუ იბრძოლებ, აუცილებლად გაიმარჯვებო. ამან დიდი ძალა მომცა და როდესაც პარლამენტში დავბრუნდი და ჟურნალისტებს შევხვდი, ეს ემოციები და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამახსენდა. ნელ-ნელა დაიწყო ეთერები, პოლიტიკოსებთან შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ მიჭირს, არც ემოციურად ვარ ისეთი მდგრადი, როგორიც უნდა ვიყო, მაინც ვცდილობ, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.
– სად მკურნალობდით?
– ოპერაცია საქართველოში გავიკეთე და ყველა ხაზს უსვამდა, რომ ოპერაცია კარგად იყო გაკეთებული. აქ დავიწყე რეაბილიტაცია ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება გერმანიაში მომიწია. მე გერმანიაში მაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი ენა და ეს ყველაფერი დიდი პლუსი იყო. იქ ჩემი ნათესავის მხარდაჭერით ვცხოვრობდი, მის სახლში.