პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჩვენ სწორედ ისტორიული პარადოქსის მოწმენი ვართ: პეტერ მადიარი, კლასიკური მემარჯვენე პოლიტიკოსი, ევროპაში...

„ჩვენ სწორედ ისტორიული პარადოქსის მოწმენი ვართ: პეტერ მადიარი, კლასიკური მემარჯვენე პოლიტიკოსი, ევროპაში მემარჯვენე შემობრუნების მთავარ იდეოლოგსა და არქიტექტორთან, ვიქტორ ორბანთან ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ იქცა“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„პირველმა წერილმა, სადაც ვეცადე ამეხსნა ვიქტორ ორბანის ფენომენი, როგორც იდეოლოგიური ტრიუმფი და არა უბრალოდ ელექტორალური შედეგი, მოულოდნელად დიდი ინტერესი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სერიოზული ინტელექტუალური გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამ დისკუსიამ მიბიძგა, თემას სხვა კუთხით დავბრუნებოდი, არა იმისათვის, რომ საკუთარ თეზას გადავხედო, არამედ იმისათვის, რომ ის გავაღრმავო.
საქმე ისაა, რომ ორბანის ფენომენის გაგება შეუძლებელია, თუ ერთმანეთში ავურევთ ანალიზის ორ განსხვავებულ დონეს: იდეოლოგიურსა და ინსტიტუციურს. პირველ შემთხვევაში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეცვალა მან უნგრეთის პოლიტიკური და ღირებულებითი ველი, მეორეში კი კონკრეტულ პოლიტიკურ ციკლზე, არჩევნებზე და ძალაუფლების განაწილებაზე. სწორედ ამ განსხვავების გაუთვალისწინებლობა ქმნის ილუზიას, თითქოს დღეს ორბანის მარცხი მისი პროექტის კრახს ნიშნავს, მაშინ როცა რეალურად საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ და პარადოქსულ პროცესთან.
დღეს ჩვენ სწორედ ამ ისტორიული პარადოქსის მოწმენი ვართ: პეტერ მადიარი, კლასიკური მემარჯვენე პოლიტიკოსი, ევროპაში მემარჯვენე შემობრუნების მთავარ იდეოლოგსა და არქიტექტორთან, ვიქტორ ორბანთან ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამ პარადოქსის ბუნებისა და ორბანის ინსტიტუციური მარცხის ფუნდამენტური მიზეზების გასააზრებლად, აუცილებელია გავცდეთ მშრალი ელექტორალური სტატისტიკის ფარგლებს და ევროპული პოლიტიკის ფიზიოლოგიას ჩავუღრმავდეთ.
ომისშემდგომი ევროპის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ისტორიულად მემარჯვენე და მემარცხენე ძალთა ციკლურ სიმბიოზს ეფუძნებოდა. ალგორითმი უცვლელი იყო: მემარცხენეები ატარებენ ნაციონალიზაციას, ზრდიან გადასახადებს, აფართოებენ სოციალურ პროგრამებსა და ბიუჯეტის დეფიციტს, რითაც ეკონომიკა კრიზისამდე მიჰყავთ. მათ ანაცვლებენ მემარჯვენეები, რომლებიც პრივატიზაციის, გადასახადების შემცირებისა და სოციალური ხარჯების შეკვეცის ხარჯზე აჯანსაღებენ ბაზარს და, საზოგადოებრივი უკმაყოფილების დაგროვების ფონზე, ძალაუფლებას კვლავ მემარცხენეებს უთმობენ. პირობითად რომ ვთქვათ, მემარჯვენეები გამოიმუშავებენ, მემარცხენეები ხარჯავენ. ეს ციკლური პულსაცია ათწლეულების განმავლობაში ამოძრავებდა ევროპულ სისტემას.
თუმცა დღეს ეს წონასწორობა დარღვეულია. თანამედროვე ევროკავშირი იდეოლოგიურად ფრანკფურტის სკოლის პროექტად, კულტურული მარქსიზმის იდეების აპრობაციის პოლიგონად ჩამოყალიბდა. მისი საბაზისო ვექტორი მკაცრად მემარცხენე მიმართულებისაა: ეროვნული იდენტობის ეროზია, კონსტიტუციური პატრიოტის ფორმირება და ინსტიტუციური ცენტრალიზაციის გაღრმავება. ამ პარადიგმაში მემარჯვენეები აღარ არიან უბრალოდ ოპონენტები — ისინი სისტემისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევად იქცნენ. დღეს ისინი სულ უფრო ხშირად აღიქმება არა როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, არამედ როგორც შიდა პრობლემა, რომელიც მართვასა და ნეიტრალიზაციას საჭიროებს.
ამავე დროს, ეს დაპირისპირება მხოლოდ იდეოლოგიური არ არის. მისი ერთ-ერთი ფარული, მაგრამ ფუნდამენტური განზომილება გეოპოლიტიკურია: ევროპის პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ღიად საუბრობს დიდი კონფლიქტის შესაძლებლობაზე, მაშინ როდესაც ნაციონალურ-კონსერვატიული ძალები ამ პროცესში ჩართვას სკეპტიკურად უყურებენ. სწორედ ეს წინააღმდეგობა აძლიერებს მათ მიმართ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ წნეხს.
ორბანის ინსტიტუციური მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა, ის წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ამ პროცესის გასაგებად აუცილებელია გავითვალისწინოთ ერთი პრინციპული გარემოება: გარე ზეწოლა ეფექტური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიდა სისტემა უკვე შესუსტებულია. უპირველესად, სახეზეა ინსტიტუციური დაღლილობა. ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნა სტაბილურობას თანდათან გარდაქმნის ინერციად. საზოგადოება იღლება არა მხოლოდ იდეოლოგიით, არამედ კონკრეტული ელიტებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ეკონომიკური და ადმინისტრაციული რესურსების კონცენტრაციას ახდენენ. ნაციონალიზმი განსაკუთრებით ეფექტურია ოპოზიციაში, მაგრამ ხანგრძლივი მმართველობა აჩენს კორუფციისა და ნეპოტიზმის აღქმას.
გარდა ამისა, შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. წლების წინ უნგრეთი აღიქმებოდა როგორც ევროპის უკანასკნელი კონსერვატიული ბასტიონი, დღეს კი იგივე ანტიმიგრაციული და სუვერენისტული რიტორიკა დასავლეთ ევროპის არაერთმა სახელმწიფომ საკუთარ პოლიტიკურ ველში დააინტეგრირა. შედეგად, ორბანმა დაკარგა ამ თემის ექსკლუზიური მონოპოლია და უნგრეთი გადაიქცა ერთ-ერთ, თუმცა ეკონომიკურად შედარებით სუსტ მოთამაშედ საერთო ევროპულ სივრცეში.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური მანევრირების რისკები. მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ერთდროულად ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან ურთიერთობას, მცირე სახელმწიფოსთვის ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია. გარე ძალოვან ცენტრებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, დემოკრატიულ გარემოში, შიდა ლეგიტიმაციის ეროზიას იწვევს და საბოლოოდ პოლიტიკურ შედეგებზეც აისახება. ამ კონტექსტში ეკონომიკური ინსტრუმენტები — მათ შორის ფინანსური დახმარების შეჩერება — სულ უფრო ხშირად გამოიყენება არა როგორც ეკონომიკური, არამედ როგორც პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმი.
აქ აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება: ის, რაც ორბანმა შექმნა და რაც ძლიერ, იდეოლოგიურად კონსოლიდირებულ სისტემას წარმოადგენს, არ ნიშნავს გეოპოლიტიკური დაუცველობის გაქრობას. პირიქით, რაც უფრო მკაფიო და კონცენტრირებულია პოლიტიკური კურსი, მით უფრო იზრდება გარე ზეწოლის სტიმული.
უნგრული შემთხვევის მხოლოდ შიდა ფაქტორებით ახსნა არასაკმარისია. ქვეყანა კვლავ იქცა გლობალური დაპირისპირების ფოკუსის ერთ-ერთ წერტილად, როგორც ეს უკვე მოხდა 1956 წელს. ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი კრიზისები იშვიათად არის მხოლოდ შიდა აჯანყებები ან სუფთა დემოკრატიული პროცესები. მათ უკან, როგორც წესი, დგას ინტერესთა გადაკვეთა, სადაც სხვადასხვა ძალა საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს ამოწმებს. ამ პროცესის უკიდურესი გამოვლინებები უკვე ჩანს, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა იწყებს დემოკრატიული პროცედურების გადაფარვას და არჩევნებიც კი კარგავს აბსოლუტურ მნიშვნელობას.
დღეს ბუდაპეშტი კვლავ შეიძლება აღვიქვათ როგორც საცდელი პოლიგონი, სადაც იკვეთება სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვექტორი. თუმცა აქ გადამწყვეტია არა შეთქმულების თეორიები, არამედ ცივი პრაგმატიზმი: მცირე სახელმწიფოები დიდ თამაშში ყოველთვის ექვემდებარებიან ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შიგნით პოლიტიკური სისტემა უკვე ბალანსს კარგავს.
ვიქტორ ორბანი პოლიტიკური ველიდან არ ქრება. ის რჩება გავლენიან ფიგურად, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი მედია და ეკონომიკური რესურსები. შესაბამისად, მისი როლი შეიძლება ტრანსფორმირდეს, მაგრამ არ გაქრეს. ამავდროულად, მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ ან საგარეო კურსს, ზედმეტად გამარტივებულია. ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც წესი, ინერციულად გრძელდება, რადგან ისინი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება და არა კონკრეტულ პარტიულ იდეოლოგიას.
თუმცა გარდაუვალია იდეოლოგიური ტრანსფორმაცია. შეიცვლება რიტორიკა, სიმბოლური პოლიტიკა და საგარეო იმიჯი. სწორედ ეს სიმბოლური სიბრტყე გახდება მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ორბანის ეპოქა არ სრულდება კლასიკური დამარცხებით. ჩვენ ვხედავთ ბევრად უფრო რთულ სურათს — იდეოლოგიურ გამარჯვებას, რომელმაც ინსტიტუციური კრიზისი ვერ აიცილა. ევროპული სისტემა თანდათან გადადის კონკურენტული პლურალიზმიდან კონტროლირებადი ერთგვაროვნებისკენ. „ბასტიონების“ ეპოქა მართლაც სრულდება და მის ადგილს იკავებს მკაცრად რეგულირებული პოლიტიკური სივრცე, სადაც სუვერენიტეტის შენარჩუნება უკვე არა ერთჯერადი მიღწევა, არამედ მუდმივი, ყოველდღიური ბრძოლაა.“
  კარგი ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი