ბოლო რამდენიმე დღეში გადამოწმებული 300-ზე მეტი პირიდან, 200-ზე მეტს ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ყოველდღე მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებს. ნებისმიერი ნარკოტიკის გამსაღებელი და მისი დამხმარე უმკაცრესად დაისჯება – 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
კანონი მომხმარებლებისთვისაც გამკაცრდა. მარიხუანას მოხმარება დასაშვებია მხოლოდ პირადი სივრცეში. სხვა ყველა ნარკოტიკის გამოყენება 60-დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევის თანხლებით. განმეორებით შემთხვევაში, მომხმარებელი სისხლის სამართლის დამნაშავედ ჩაითვლება და შესაძლოა მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდოს, ან იძულებითი მკურნალობა დაუწესოს. პოლიციელს მოქალაქის შემოწმების უფლება კონკრეტული ინფორმაციის ან ფაქტის შემთხვევაში აქვს. მომხმარებელს შემოწმებაზე უარის თქმა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კი, მიცემულ 4-საათიან ვადაში ბიოლოგიურ მასალას საექსპერტო ბიუროში თავად ჩააბარებს. სხვა შემთხვევაში შემოწმებაზე უარი – დანაშაულია.
სპეცოპერაციები და საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით – მხოლოდ 5 დღის წინ, 34 ნარკორეალიზატორი და მისი დამხმარე დააკავეს.
სავარაუდოდ, ღამის კლუბები იყო აჭარაში დაკავებული ბელარუსის მოქალაქეების სამიზნეც. ნარკორეალიზების ბრალდებით 20 და 24 წლის მამაკაცები პოლიციამ ბათუმში გასულ კვირას აიყვანა. ნაქირავებ ბინაში და პირადი ჩხრეკისას, მათ სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკებთან ერთად, 3 კილო კოკაინი, 13 ათასი აბი სუბოტექსი და დიდი ოდენობით ჰეროინი აღმოაჩნდათ. დაკავებულის ტელეფონში ფოტოლოკაციებიც იპოვეს.
დანაშაულის სქემები გაშიფრულია – მთავარი საკომუნიკაციო არხი ტელეგრამ-აპლიკაციაა. რეალიზაციისთვის კი ძირითადად დადების და ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდები მოქმედებს. ანგარიშსწორება ხშირად კრიპტოვალუტაში ხდება.
ნარკორეალიზაციის განახლებულ სქემებთან ერთად, ნარკოტიკის გადატანის განახლებული მეთოდიც აღკვეთა. ბათუმში დააკავეს სატვირთოს მძღოლი, რომელსაც საქართველოს გავლიოთ ევროპაში ცეცხლგამძლე აგურები და აგურის ბუტაფორიაში დამალული 300 კილომდე ჰეროინი აღმოაჩნდა.
სქემებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობასთან ერთად, უმკაცრესი კანონები დაუპირისპირა. ქვეყანა დადებით შედეგებს უახლოეს თვეებში ელოდება.
უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ამოიღეს, ექსპერტიზის შემდეგ სპეციალურ სივრცეში განადგურდება.