შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულეებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

ავტორი SheniAmbebi.ge
4 წუთიანი წაკითხვა

გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ საიუბილეო წლის სიხარულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, ქართველთა მრავალსაკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა.

„1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა მტკიცე გადაწყვეტილებამ, საქართველოს მყარად განუსაზღვრა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზროდებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას. წმინდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მატათას ქადაგებებით ეზიარა ქართველი ხალხი ქრისტეს ნათელს, მოგვიანებით კი, მეოთხე საუკუნეში, მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა ჩვენმა ერმა გულში მაცხოვრის რწმენა. ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად. მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობა, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება.

ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა, მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამულო. ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე სხვადასხვა კულტურის და ცვილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი, გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.

  „თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - ახალი ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს“-კახა კალაძე

თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულეებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება.

დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას და ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

გისურვებთ, კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულეებებია, რომელთა არსიც არ იცვლება. 2 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შიო-მესამე-ათასგვარი-საც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi