შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე ექვსი ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარის გამო ქვეყანაში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ხელისუფლების თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით იყო მოტივირებული.
პოლიციის ცნობით, პოლონეთის 25 წლის მოქალაქე მანქანით კრაკოვის მთავარ მოედანზე შევიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო.
სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16, მათ შორის ორი პოლიციელია, რომლებიც სტაბილურ მდგომარეობაში არიან, ასევე, დაშავებულთა შორის ხუთი უცხოელია.
ამასთან, პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშისკიში, თავდამსხმელის სახლში სამი ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები მისი და, დედა და მამა იყვნენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ორივე ადგილას მკვლელობა, „ძალიან დიდი ალბათობით“, ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, თუმცა გამოძიება გრძელდება.
პოლიციამ შემთხვევის ადგილებიდან 11 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო ინფორმაცია, თითქოს თავდამსხმელი სამხედრო იყო და თქვა, რომ მას „არასდროს ჰქონია არანაირი კავშირი არმიასთან“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე ექვსი ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 9 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეიარაღებული-თავდამსხმე/
