„ღორის გრიპის“ შემდეგ, „ჰონგ კონგის“ შტამი – კლინიკური მიმდინარეობა თითქმის იდენტურია, თუმცა A ტიპის ვირუსის ეს სახეობა გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ე.წ. ღორის გრიპი.
მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო სისუსტე, ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, როგორც ეს სეზოსნისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციების გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია. ინფექციონისტები და პედიატრები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ქვეყანაში გრიპის უფასო ვაქცინაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომია.
მედიკოსების ცნობით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის სახით გართულებებიც ერთვის. ამ მხრივ რისკჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან. ექიმების განცხადებით, სიფრთხილე მართებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და მოხუცებს. ექიმები A ტიპის ვირუსს ღორის გრიპთან ერთად „ჰონგ კონგის“ შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც საქართველოში დომინირებს და განსაკუთრებით სწრაფად გადამდებია, ვიდრე სხვა დანარჩენი ვირუსები, თუმცა კლინიკური მიმდინარეობა ე.წ. ღორის გრიპისგან არ განსხვავდება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს მცირეწლოვნებში პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდეს ექიმის ჩართულობა და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობა.
„თუ 65%-ია ჰონგ კონგის“ შტამი, ღორის გრიპი 2%-ს შეადგენს. დაველოდოთ სამი დღე და მერე მიმართოთ ექიმს, კატეგორიულად არასწორია და რისკის ჯგუფის წარმომადგენლებმა სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.
სპეციალისტები ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას და პიკურ პერიოდს დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობენ. თუმცა მათი განმარტებით ვირუსები სწორი მართვა იმ რეკომენდაციების გათვალისწინების გაზიარებით ხდება, რომელსაც ექიმები გასცემენ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანა ვაქცინაცია ჩაიტარონ რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა, მოერიდონ ხალხლრავალ ადგილებში ყოფნას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და არ მიიღონ მედიკამენტები თვითნებურად.
„მომართვიანობა გაზრდილია როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ასევე სტაციონარებში. მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს. უახლოესი კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გრიპის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს და დაავადების გავრცელების აქტიურ ფაზაში ვართ, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ მატებას, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის განსაკუთრებული ღონისძიების გატარების აუცილებლობას, ასეთ მატებას ნამდვილად არ ველოდებით.“ – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებას ამშვიდებს და განმარტავს, რომ მომატებული ვირუსების მიუხედავად ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და გაზრდილი ავადობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვირუსები ყოველი ზამთრის სეზონზე მატულობს, თუმცა ეს კონტროლირებადი პროცესია. მთავარი რეკომენდაცია კი სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა, რომელიც უფასო და ხელმისაწვდომია.
„დღეისთვის სტაბილურად ნორმალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, შედარებით გაზრდილია ავადობის რაოდენობა, სხვადასხვა ტიპის ვირუსები ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს, თუმცა ეს აბსოლუტურად კონტროლირებადი და ნორმალური პროცესია. რასაკვირველია, ასეთ დროს რეკომენდაცია უცვლელი რჩება, – ხელის დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მაქსიმალურად თავი მოვარიდოთ. მით უმეტ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც შეიძლება ვირუსის სიმპტომები ჰქონდეს.
მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, პანიკის არავითარი რაიმე მიზეზი რეალურად არ არსებობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. საქართველოში იმუნიზაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და მიზნად ისახავს მძიმე გართულებების პრევენციას. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


