ყვარელში მდებარე რძის ფერმა “ყვარლის ბაგაში ” ღია კარის დღე ჩატარდა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა სივრცისგან შედგება.
საწარმომ ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო. აქ სხვადასხვა კომპანია ყოველდღიურად 45 ტონა რძეს ყიდულობს, მათ შორისაა “სანტე” და “სოფლის ნობათი”.
საწარმოს მფლობელის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის გამჭვირვალობა.
ღია კარის დღეები ყოველთვიურად გაიმართება.
‘’ყვარლის ბაგამ“ მიიღო გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მოაწყოს ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება მიზნობრივი აუდიტორიებისთვის, მათ შორის:
- კულინარიისა და კვების მრეწველობის პროფესიონალები;
- სამედიცინო და კვების ექსპერტები;
- სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები;
- მედიის წარმომადგენლები;
- განათლების სექტორი;
- მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები და ახალგაზრდები;
- საცალო და სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები;
- რძის პროდუქტების მომხმარებლები.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და დაათვალიერონ ფერმა:
- პირუტყვის სადგომები – მეწველი ძროხები, ხბოები და უშობელები;
- კვება და ლაბორატორია – საცავი ბუნკერები, ინგრედიენტების ხარისხი და შენახვის პირობები;
- წველის პროცესი – საწველი დარბაზი, ჰიგიენა და საცავი რეზერვუარები.- სამშობიარო და ახალშობილთა ზონა – როგორ ხდება მცირე ასაკის ხბოების მოვლა.
ყვარლის ბაგა არის რძის წარმოების ევროპული სტანდარტების დამნერგავი საქართველოში. ბაგას ქართველი თუ ევროპელი გუნდის წევრები მზად არიან ამ თემებზე ღიად სასაუბროდ”, – წერია განცხადებაში.
რადიო „თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა – რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა – ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.