რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, სერიოზულად მიიღონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებები შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ.
ლავროვის თქმით, მოსკოვი ევროპასთან ომის დაწყებას არ გეგმავს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედების შემთხვევაში ვითარება, მისი შეფასებით, სწრაფად და მკვეთრად შეიცვლება.
მინისტრმა გაიმეორა პუტინის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან, მისი თქმით, თუ დასავლეთის მხრიდან არსებული განცხადებები რეალურად რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მზადებას უკავშირდება, შესაძლო კონფლიქტის ხასიათი სრულიად განსხვავებული იქნება.
ლავროვმა ევროპულ ქვეყნებს სწორედ ამ გაფრთხილების გათვალისწინება ურჩია.
„რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ. მაგრამ თუ საუბრები რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმისთვის მზადებას გულისხმობს, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ევროპაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელება არ აქვს დაგეგმილი და ამ პოზიციას რუსეთი არაერთხელ გამოხატავს.
ლავროვმა ყურადღება არქტიკის რეგიონშიც განვითარებულ სამხედრო პროცესებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით სამხედრო აქტივობის გაძლიერება რუსეთისთვის შეშფოთების მიზეზია.
მისივე ინფორმაციით, არქტიკაში შეერთებული შტატების, ნორვეგიისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო სწავლებები ჩატარდა. ლავროვის შეფასებით, წვრთნების სცენარი რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების განვითარებას ითვალისწინებდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ არქტიკის სამხედრო მიმართულებით გააქტიურება მოსკოვში ყურადღების მიღმა არ რჩება და რეგიონში დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სწავლებების გაძლიერებას რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით აფასებს.

