სახელმწიფომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დარჩენილი 5%-იანი წილიც კერძო კომპანიას მიჰყიდა
საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა განკარგულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 5%-იანი წილი შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში კომპანიას „ბ და კომპანია“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა.
ოფიციალური დოკუმენტაციით დგინდება, რომ კომპანიის ვალდებულებაა, აღნიშნული წილის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 867,793 ლარი გადაიხადოს, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან პირველი მსხვილი პრივატიზაცია ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელდა, როცა მთავრობის განკარგულებით შპს ბ&ნ-ს გადაეცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 95%-იანი წილი. გარიგების ღირებულება იმ დროს 800,000 ლარს შეადგენდა. ამავე დოკუმენტით კომპანიას ეკისრებოდა ვალდებულება, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქუტირში აშენებული ყოფილიყო თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ფსიქიატრიული ცენტრი, 700-მდე პაციენტზე გათვლილი.
ინვესტორს დაეკისრა მინიმუმ 2,400 კვ.მ ფართობის ობიექტების მშენებლობა და მათი აღჭურვა, სადაც საერთო ჯამში არანაკლებ 6 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფლობაში მიიღო უმრავლესობის წილი, სახელმწიფო მხოლოდ 5%-ს ინარჩუნებდა. ახლად გამოცემული განკარგულებით კი, ეს წილიც კერძო მფლობელობაში გადავიდა.
დღეს კომპანია ბაზარზე ოპერირებს სახელწოდებით „ბ და კომპანია“, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელია გოჩა ბაკურაძე.