საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შუამავალი ნიშნავდა დამატებით ხარჯებს სახელმწიფოსთვის და ამ გადაწყვეტილების თანახმად, რამდენიმე მილიონის შემოსავალს აღარ დაკარგავს ბიუჯეტი.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ, აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან. ზოგადად, არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით.
შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს. მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხშირად საუბრობდა ამ სქემაზე. მისივე თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის შუამავლის მეშვეობით იმპორტი გარკვეულ კითხვებს აჩენდა და მეტიც, ქობულია ამ სქემას კორუფციად აფასებდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელდება – ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-ელექტროენე/
