ევროკავშირი ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისრიგით მე-19 პაკეტს, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან არიდების აღკვეთისკენ, ასევე, რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.
საუბარია მესამე ქვეყნებიდან ევროპული პროდუქციის რუსეთში გატანაზე აკრძალვის დაწესებაზე.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირში განიხილავენ სანქციებისთვის თავიდან არიდების საწინააღმდეგო მექანიზმის ამოქმედებას ყაზახეთის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალება ისეთი ტექნიკის შეტანა, რომელიც, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, დიდი რაოდენობით იგზავნება რუსეთში სამხედრო ინდუსტრიის საჭიროებებისთვის.
ამასთან ერთად, „ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ ვაშინგტონში, სადაც ევროკავშირის დელეგაციის ჩასვლას ელოდებიან. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, რუსეთის საბანკო და ნავთობის სფეროს წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვები შემოიღონ.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, სანქციები შესაძლოა, შეეხოს რამდენიმე რუსულ ბანკს და ნავთობკომპანიას, მათ შორის სახელდება „როსნეფტი“ და „ლუკოილი“.
ასევე, შეზღუდვების შემოღება იგეგმება იმ ტანკერების წინააღმდეგ, რომლებითაც რუსული ნავთობი გადააქვთ და მესამე ქვეყნების კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინდუსტრიაში გამოყენებად პროდუქციას აწვდიან.
აგრეთვე, ევროკავშირის სანქციების რიგით მე-19 პაკეტი მოიცავს იმ პორტებთან ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვას, რომლებიც იღებენ რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, ასევე, შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს ხელოვნური ინტელექტის სერვისებს, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული სამხედრო სფეროში.