საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
მიტროპოლიტი შიო დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ[1].
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.


