პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა სრულიად საქართველოს...

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებაზე

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებაზე:
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ბართლომეოს, მთავარეპისკოპოსო კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქო,
უწმინდესო დანიელ, მიტროპოლიტო სოფიისა და პატრიარქო სრულიად ბულგარეთისა,
უნეტარესო იოანე, მთავარეპისკოპოსო ტირანასი, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა,
უნეტარესო როსტისლავ, პრეშევოს მთავარეპისკოპოსო, მიტროპოლიტო ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა,
უნეტარესო ტიხონ, მთავარეპისკოპოსო სრულიად ამერიკისა და კანადისა,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო დედაქალაქის მერო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელნო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელნო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელნო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო,
დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი. მძიმე განსაცდელმა გააერთიანა სრულიად საქართველო: ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი. დაობლებულნი, შვილებრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია II-ს. იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და, საერთოდ, მსოფლიოს.
მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხორება. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (ინ. 11, 25); ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულს და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა, აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა. გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი მსასოებელი.
49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. როგორც ბრძანებს მოციქული, „ღუაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბაჲ აღასრულა, სარწმუნოებაჲ დაიმარხა“ (2 ტიმ. 4, 7-8). მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება, იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა „ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა“, შეწირული „ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს“. ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.
მოგეხსენებათ, მან, როგორც პირველიერარქმა, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია.
მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო 7 ეპარქია. გვყავდა 80-ამდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-ამდე ეკლესია და სამლოცველო. დღეს გვაქვს 49 ეპარქია (მათ შორის – 7 საზღვარგარეთ); გვყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი (გარდაცვლილთა რიცხვი კი 700-ამდეა) და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარიც.
ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ასევე 4 სხვა სემინარია; ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტები, ტელევიზია და რადიო, აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების ყველა დარგი.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ძალისხმევით, მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება.
მისმა უწმინდესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ერს ლოცვაში აერთიანებს.
პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000 აჭარბებს.
აღარაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე…
ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.
სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალულიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი…
არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე, წმინდა იოანე სინელის, სათნოებათა კიბის აღმწერლის, ხსენებას ემთხვევა. ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი – სიყვარული; სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც უშურველად გასცემდა…
და აი, შედეგიც – ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა: 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი.
ეს, პირველ რიგში, არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი მოგვივლინა.
ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს!
განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ილია II, გთხოვთ, დალოცეთ თქვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო!
დაბოლოს, ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა, გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული: „მართალია, ჩვენ დაგვტოვე ამქვეყნად, განიხარე და იშვებდე უფალში მარადის“, ამინ!
⛪ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
22 მარტი, 2026 წელი

საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

  3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.