გასულ ღამეს, ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინა ბაიდაური და მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არასრულწლოვანების დედას, ბავშვების სახლში მარტო დატოვების გამო განსჯიან:
„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი.
მას შემდეგ, რაც 7 წლისა გავხდი იანვარში და აპრილში ბებიაჩემი გარდაიცვალა, სახლში ვიყავი სულ მარტო, სანამ დედა მუშაობდა, რომ ჩემთვის მინიმუმ ეჭმია.
გარეთ იდგა 90-იანები. ქუჩებში „პერესტრელკები“, ყაჩაღობა, მკვლელობები იყო ყოველდღიურობის ნაწილი.
მე მქონდა მკაცრი ინსტრუქტაჟები და ისედაც ის კატეგორია ვიყავი, „ჭკვიანი, წინდახედული, ნაადრევად დასერიოზულებული“ ბავშვებიდან.
დედაჩემზე ზღვარგადასულად მოჯაჭვული, ზემზრუნველი და ყურადღებიანი დედა არ ვიცი მეორე. რაც თავი მახსოვს, დაახლოებით 3 წლიდან და მოგვიანებით მოზარდობისას უფრო მძაფრად, ამას ვაპროტესტებდი. კონფლიქტებიც გვქონია ამის გამო. მსუბუქიც და სერიოზულიც.
რამდენჯერმე მახსოვს დედაჩემის გულამოსკვნილი, თავშეუკავებელი ტირილი.
ერთ-ერთი იყო მაშინ, როცა სკოლიდან მოვედი, მაღალი სიცხე მომცა, ჩაის ვიდუღებდი და დარეტიანებულმა, გონებადაბინდულმა, მდუღარე გადავისხი და დავიწვი. მობილურები არ იყო მაშინ, მაგრამ მირეკავდა ხოლმე სამსახურიდან. არ მითქვამს არაფერი.
როცა მოვიდა და ამ მდგომარეობაში დავხვდი, მომხედა, კალთაში ჩამისვა, მეფერება და მე გულაჩუყებულმა და აცრემლებულმა ვუთხარი, შენ ხომ მეუბნებოდი, რომ დედის გული ყველაფერს გრძნობს და ხედავს, რატომ ვერ მიხვდი, რომ ცუდად ვიყავი-მეთქი.
სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“, – წერს ნინა ბაიდაური სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები