ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნატა ვიბლიანის ინტერესების დაცვაზე უარს აცხადებს. ადვოკატის თქმით, ის კოლეგებთან, ტარიელ კაკაბაძესა და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, თვეების განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ვიბლიანის სამართლებრივ დაცვაზე, თუმცა მოგვიანებით, მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ადვოკატი ნატა ვიბლიანს უსაფუძვლო მოთხოვნების წამოყენებასა და მისი კოლეგების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მსურს, საჯაროდ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო მიმდინარე მოვლენები.
ამ პერიოდის განმავლობაში, კოლეგა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან და მარიამ ბარსონიძესთან ერთად, სრულიად უანგაროდ ვიცავდით ნატა ვიბლიანის ინტერესებს.
არაერთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენი ძალისხმევით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი საჩივარი შევიდა, რამაც საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი ითამაშა მის სამართლებრივ დაცვასა და რეაბილიტაციაში.
ჩვენი უზარმაზარი დაუღალავი შრომის შედეგად, ნატა ვიბლიანი ოფიციალურად იქნა ცნობილი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის საქმეზე. ამ სტატუსის საფუძველზე მან მიიღო საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ფულადი დახმარება და არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური თუ მატერიალური ბენეფიტი.
სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა. ყოველგვარი ლოგიკისა და ეთიკის საწინააღმდეგოდ, პიროვნება, რომლის გადასარჩენადაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, უკიდურესად აგრესიული გახდა.
მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, ამეხსნა მისთვის, რომ მისი მტრები არ ვიყავით, ნატა ვიბლიანმა დაიწყო ისეთი აბსოლუტურად საფუძველმოკლებული მოთხოვნების წამოყენება, რომელთა დაკმაყოფილებაც ფიზიკურად და სამართლებრივად შეუძლებელი იყო.
უფრო მეტიც, მან პირადად ტარიელ კაკაბაძეს საჯარო შავი პიარით და ისეთი ბრალდებების გავრცელებით დაემუქრა, რომლებსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს.
იმის ფონზე, რაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მისთვის გავაკეთეთ, სამწუხაროდ, დაიწყო ტარიელ კაკაბაძისა და მარიამ ბარსონიძის დისკრედიტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უდიდესი პროფესიული სურვილი, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, მსგავსი მტრული დამოკიდებულების ფონზე, იძულებულნი ვართ, აღნიშნულ საქმეს სრულად ჩამოვშორდეთ.
ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ორმხრივ ნდობას, პატივისცემასა და ეთიკურ სტანდარტებს. სადაც ეს პრინციპები ირღვევა, პროფესიული თანამშრომლობა შეუძლებელია. შესაბამისად, დღემდე არსებული მონაცემებით და მოცემულობით, მე, როგორც ადვოკატი, ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ!“, – წერს ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „სამწუხაროდ, რეალობა სრულიად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა… ნატა ვიბლიანის ინტერესებს აღარ ვიცავ“ – ადვოკატის საგანგებო განცხადება. 10 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამწუხაროდ-რეალობა-სრუ/
