შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?

როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?

– როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
– შინაურ პირობებში ქამა სოკოს (შამპინი­ონის) მოშენება შესაძლებელია სარდაფში, მიწურში, სათბურსა თუ პოლიეთილენით გადახუ­რულ კვალსათბურებში და ღია გრუნტშიც კი, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად არის. თხრიან 2-2,5 მ სიღრმის სარდაფს და სოკო თაროებზე ან იატაკზე მოჰ­ყავთ; სხვა შემთხვევაში, აწყობენ 1-1,4 მ სიგა­ნის, 20-25 სმ სიღრმისა და სასურველი სიგრძის კვალსათბურს. მისი სახურავი გაუმჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ საჭიროა მისი გადახურვა ფიცრით, შეიძლება ლერწმითაც. სარდაფი უნდა ნიავდებოდეს, რისთვისაც მიწურის კედ­ლებში გამჭოლ, მოპირისპირე სავენტილაციო ხვრელებს აყოლებენ, მათში კი დგამენ მილებს. ამ მილებს აკრავენ წვრილნასვრეტებიან ბა­დე­ებს, რათა მავნებლები არ შევიდნენ. ბოლოს კეთდება ჩასასვლელი კიბე და კარი. ამგვარ მიწურ სარდაფებში მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსავლის უწყვეტად აღება.
შემდეგი ეტაპია ცხენის ახალი ნაკელის შოვ­­ნა და კვალსათბურში ჩატვირთვა. ყოველ­ 10მ3-ზე საჭიროა 4-5 მ3, ანუ 1,6-2,2 ტ ნაკელი, რო­მელშიც შერეული უნდა იყოს საფენი ბზე. რო­ცა ცხენის ნაკელს ვერ შოულობენ (რაც სა­უკეთესოა), მაშინ საფენად იყენებენ ძროხის (საერთოდ, მსხვილფეხა პირუტყვის), ცხვრის ან ღორის ბზეს, ან ნახერხშერეულ ნაკელს. უპრიანია, სხვადასხვა სახის ნაკელი მშრალ ადგი­ლას დაიდგას ცალ-ცალკე გროვებად, რათა წყა­ლი არ მოხვდეს და მისი შერევა სხვადასხვა თანაფარდობით შეიძლებოდეს.
ნაკელის უკმარისობის შემთხვევაში შეიძ­ლე­ბა კომპოსტის გამოყენებაც, რომელიც ასე მზად­დება:
I ვარიანტი: 1 ტ ბზე, 3-4 ტ ცხენის ნაკელი, 4-5კგ შარდოვანა და 60 კგ თაბაშირი.
II ვარიანტი: 1 ტ ბზე, 1,5-2 ტ ცხენის ნაკელი, 200-300 კგ ქათმის ნაკელი.
კომპოსტის მომზადებას იწყებენ საკომპოს­ტე მასალის შტაბელებად ფორმირებით. თითო­ეული მათგანის სიგანე 1,5-1,6 მ უნდა იყოს, სიმაღლე – 1,5-1,6 მ. ფერმენტაციის პროცესი სათანადოდ რომ წარიმართოს, საჭიროა შტაბელში კომპონენტების ფენებად დალაგება. მა­გა­ლითად, ბზე (20-25 სმ), ნაკელი (10-15 სმ) და შარდოვანა. დალაგებულ ფენებს კარგად ასველებენ ნასვრეტებიანი სარწყა­ვით. თითოეულ შტაბელში 4-5 ასეთი ფენა უნდა იყოს. თაბაშირს ამატებენ ბოლო გადაზელისას.
კომპოსტის დამუშავებიდან 5-7 დღის შემდეგ შტაბელებში იწყება ფერმენტაცია – ტემპერატურა იმატებს 65-75º-მდე. ამ დროს საჭი­როა კომპოსტის რეგულარული დასველება, უმჯობესია, დღეში ორჯერ. შემდგომში კომპოსტის გადაზელა ნაკელის მსგავსად ხდება.
კომპოსტის დამუშავება-დასველება და სასუ­ქისა და თაბაშირის დამატება 2-3-ჯერ ხდება. კომპოსტისგან ერთგვაროვანი, ფხვიერი მა­სის მისაღებად მას ჩვეულებრივი ნაკელის ფიწ­ლე­ბით მიწაზე ერთ ფენად შლიან, შემდეგ კვლავ შტაბელებად ალაგებენ. დამუშავების პროცესში 1 ც ნაკელზე ამატებენ 250-300 გ ამონიუმის სულფატს და ერთმანეთში კარგად ურევენ.
თბილ ამინდში, უპრიანია, კომპოსტის გროვა, ანუ შტაბელი, გაკეთდეს მცირე ზომისა, ხოლო სიცივეში მის ზომებს ზრდიან და ტრაპეციის ფორმას აძლევენ.
შტაბელების მეორე დამუშავებას ატარებენ 5-6, ზოგჯერ 7-10 დღის შემდეგ. ამ დროს 1ც კომპოსტს ამატებენ 300-500 გ თაბაშირსა და 150გ სუპერფოსფატს. ამ პროცედურის შემ­დეგ ტემპერატურა შტაბელებში მატულობს 50-60º-მდე, ზოგჯერ 60-75º-მდეც კი. ასეთი შტაბე­ლები სარ­დაფებში შეაქვთ და იქ ალაგებენ. თუ ტემპერატურა დაბალია, შტაბელებს მესამედაც აფხვი­ერებენ.
კომპოსტის მომზადებას (ფერმენტაციას), რო­­­გორც წესი, 18-25 დღე სჭირდება.
როდესაც კომპოსტი ყავისფერს მიიღებს, ამი­­აკის სუნი აღარ ექნება და ბზე ადვილად მოს­წყდება, ეს ნიშნავს, რომ სოკოს მოსაყვანი გრუნ­ტი უკვე მზად არის. მნიშვნელოვანი ნიშა­ნია გრუნტის ტენიანობაც, რომელიც თბილ, მშრალ ამინდში დაახლოებით 65% უნდა იყოს. სათბურებში, რომლებიც არ თბება, ცივ ამინდში გრუნტის ტენიანობა უნდა იყოს 60%, ცივ სარ­დაფში – 55%. თუ ხელის მსუბუქი მოჭერით კომპოსტს წვენი გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ მი­სი ტენიანობა 70%-მდეა; თუ ხელისგულზე მხო­ლოდ სისველის კვალი დარჩა, ტენიანობა 60%-ს არ აჭა­რ­ბებს, თუ მსუბუქად მოჭერისას ხელისგულს ნაკელის ნაწილაკები მიეწება, ტენიანობა 50%-ია; თუ კომპოსტის გუნდა ხელისგულს ცუდად ეწებება, ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა 40%-ია და გრუნტისთვის არ გამოდგება.
გრუნტის მომზადების შემდეგ საჭიროა სარ­­დაფში მისი შეტანა და დაგება. მანამდე აუცი­ლებელია სარდაფის კარგად განიავება, ზედმი­წევნით გაწმენდა-გასუფთავება და დეზინ­ფექ­ციის ჩატარება. სადეზინფექციოდ გამოიყენება 0,25-0,5ლ 40%-იანი ფორმალინი, გაზავებული 10ლ წყალში. 1მ2-ზე საჭიროა 0,25ლ ამგვა­რი ხსნარი. შესხურების შემდეგ სარდაფის კარ-­ფან­ჯარა და სავენტილაციო მილები 2 დღე-­ღა­მის განმავლობაში იხურება.
თუ სოკო სტელაჟების გარეშე ერთ იარუს­ზე უნდა მოშენდეს, დამუშავებულ კომპოსტს შლიან პირდაპირ იატაკზე, 40-45 სმ სისქეზე და ტკეპნიან მანამდე, ვიდრე ფენა 25-30 სმ-მდე დაიწევს. თუ კომპოსტი ნაკლებტენიანია, სარწყავით ზომიერად ასველებენ.
შამპინიონის მოსაყვანად აკეთებენ 0,7-0,8მ სიგანისა და 22-25 სმ სიმაღლის კვლებს.
მიცელიუმის ჩათესვა. 10-20 დღის შემდეგ, როგორც კი კვლებში ტემპერატურა 25º-მდე და­იწევს, იწყებენ მიცელიუმის ჩათესვას. სა­უკე­თე­სო ხარისხისაა სტერილურ პირობებში გაზრდილი ახალი მიცელიუმი.
მიცელიუმის ჩათესვა ხდება პალოების გა­მოყენებით – მათი საშუალებით გრუნტს 4-7სმ-ით ასწევენ, პატარა ფოსოში მოათავსებენ 20-30გ მიცელიუმის შემცველ მასას და გრუნტს აფა­რე­ბენ. მიცელიუმს თესავენ ჭადრაკულად – ერთ­მანეთისგან 25X25 სმ-ის დაცილებით. დარ­გვის ნორმაა 1 მ2-ზე 400-500 გ.
7-10 დღის შემდეგ, როდესაც მიცელიუმი ჩა­იზრდება, სარდაფში ჰაერის ტემპერატურას 12-14º-მდე აყენებენ. მიცელიუმის შესამოწმებ­ლად ფრთხილად ასწევენ ნაკელს სხვადასხვა ად­გილზე – თუ მიცელიუმი დარგული ადგილის ირ­გვლივ 1-2 სმ-ით გაზრდილია, შედეგი და­მაკ­მაყოფილებლად ფასდება. დათესვიდან 18-20 დღის შემდეგ, როცა მიცელიუმი 4-5 სმ-ზე გა­იზ­რდება, ჩათესილი ადგილის გარშემო მიწას აყ­რიან. ამისთვის საუკეთესოა ბოსტნის სილნარი, რომელიც მანამდე ნაკელით ან ნეშომპალით იყო განოყიერებული. ასეთ მიწას, გაფხვიერებულსა და გაცრილს, აყრიან კვლებს 4-5 სმ სისქეზე; დატკეპნა არ არის საჭირო, რათა აერაცია არ დაირღვეს.
მოვლა. კვლებზე გაცრილი მიწის მობნევის შემდეგ გრუნტში ტემპერატურა 10-12º-მდე ეცემა, რაც ნაყოფიანობის მთელ პერიოდში უნდა შენარჩუნდეს. ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს (ხელის მოჭერისას ხელისგულზე სისვე­ლე არ უნდა დარჩეს). თუ ტენიანობა დაქვეი­თე­ბულია (ნიადაგი მუჭში ცუდად გუნდავდება), აუცილებელია წვრილნასვრეტებიანი სარწყა­ვით მორწყვა, 1 მ2-ზე ასხამენ 2-5ლ წყალს. არ შე­იძლება წყალმა კვლის ქვედა ფენაში ჩაჟო­ნოს, ეს მიცელიუმის ნაადრევ დაბერებასა და დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად 10-12º-მდე ტემპერატურის სუ­ფ­თა, თბილ წყალს იყენებენ. სარდაფი რეგუ­ლა­რულად უნდა ნიავდებოდეს, ჰაერის ტემპე­რა­ტურა – 15-17º, შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90% უნდა იყოს.
მოსავლის აღება. შამპინიონი მოსავალს იძ­ლევა მიცელიუმზე მიწის დაყრიდან 15-40 დღის განმავლობაში, უფრო ხშირად კი 20-25 დღის შემდეგ, რაც მოყვანის პირობებზეა დამოკი­დე­ბული.
პირველი მოსავალი, როგორც წესი, მცირეა, დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იმატებს და უცბად წყდება. ასეთი თანამიმდევრობა 5-7-ჯერ მეორდება, რის შემდეგაც ჩნდება ერთეული სო­კოები. ყველაზე დიდი მოსავალი მიიღება მოსავლიანობის დაწყებიდან 20-40 დღის შემდეგ. მისი ხანგრძლივობა უფრო ხშირად სამ-ოთხ თვეს გრძელდება.
სოკოს კრეფენ, როცა ფეხსა და ქუდს შორის საბურველი იწყებს განვითარებას. მოკრეფის დაგვიანების შემთხვევაში ის იგლიჯება და ქუდი იხსნება – ასეთი სოკოები არასტანდარტულია. სოკოს იღებენ ძალიან ფრთხილად, რათა მიცელიუმი არ დაზიანდეს; ამისათვის სოკოს არ გლეჯენ, ნელ-ნელა ატრიალებენ, თითქოს ამოხრახნა უნდათო, და ფრთხილად ამოსწევენ, რათა არც ფეხი დაზიანდეს და არც მიცელიუმი. ქამა სოკო იკრიფება ყოველდღე, საშუალო მოსავალი 1 მ2-ზე 3-6 კგ-ია.
სოკოს მოყვანას გარკვეული გამოცდილება სჭირდება, მაგრამ როცა საქმეში გაიწაფებით, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ.

  როდის უნდა გაიწმინდოს სასაფლაო აღდგომამდე, რათა პატივი მიაგოთ მიცვალებულთა ხსოვნას

გააგრძელეთ კითხვა

ლიმონი კასრში –  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი