განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი რეფორმა მნიშვნელოვნად შეცვლის უმაღლესი განათლების დაფინანსების მოქმედ მოდელს. მისი თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე არსებული საგრანტო სისტემა აღარ გავრცელდება და სახელმწიფო სრულად ახალ, ინსტიტუციურ და სტუდენტზე ორიენტირებულ დაფინანსების მოდელზე გადავა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ახალი მიდგომა ეფუძნება როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ საჭიროებებს. რეფორმის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი უწყებები და უნივერსიტეტები, ისე უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ისეთი ქვეყნების პრაქტიკა, როგორებიცაა ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და ირლანდია.
გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი გაითვალისწინებს სხვადასხვა აკადემიური პროგრამის სპეციფიკასა და ღირებულებას. დაფინანსება დამოკიდებული იქნება როგორც სტუდენტების რაოდენობაზე, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის რესურსულ საჭიროებებზე. მინისტრის განმარტებით, პროგრამების ღირებულების განსაზღვრისას შესწავლილი იყო როგორც ქართული, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდილება, მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანისა და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა.
მისივე განცხადებით, დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში უნივერსიტეტები პარალელურად გააგრძელებენ მოქმედი პროგრამების განხორციელებას და თანდათან გადავლენ ახალ მოდელზე, რომელიც პროგრამების რეალურ ღირებულებასა და ხარისხობრივ მაჩვენებლებს დაეფუძნება.
რეფორმის ფარგლებში იგეგმება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედებაც. მინისტრის თქმით, შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა განათლების ხარისხი, კვლევისა და ინოვაციების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და რეგიონული განვითარება. თითოეული უნივერსიტეტისთვის ინდივიდუალური პირობები მათი მისიისა და შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრება.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა ფინანსურ ნაწილზეც. მისი განცხადებით, 2026 წელს დაფინანსება კვლავ მოქმედი სისტემის ფარგლებში გაგრძელდება, ხოლო 2027 წლიდან ბიუჯეტის მოცულობა სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მინისტრის თქმით, 2027-2030 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განათლების სამინისტროს უკვე წარმოდგენილი აქვს დაახლოებით 700 მილიონი ლარის დაფინანსების მოთხოვნა.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალი მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების უფრო ეფექტიან განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების შექმნას და აკადემიური პერსონალისთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.


