ამა თუ იმ ვაკანსიაზე წარდგენილი სამი რეზიუმედან ორი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება. ამავდროულად, რეკრუტერების 80% შემოსულ განაცხადებს, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, საშუალო დონედ აფასებს, რადგან მათ ინდივიდუალობა აკლიათ. არის რეზიუმეს უარყოფის შემთხვევებიც, რადგან ისინი დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით არ არის შედგენილი – პროფესიული უნარები და სამუშაო გამოცდილება ხშირად ვაკანსიას არ შეესაბამება. ასეთია Stepstone-ის ახალი კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა თითქმის ორი მესამედი (61%) განაცხადის შევსებისას ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს, თუმცა მას სრულად ვერ იყენებს. ამავდროულად, როგორც The Stepstone Group-ის შრომის ბაზრის ექსპერტი ტობიას ციმმერმანი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ძალიან ეფექტურად შეიძლება, თუ ამას სწორად გავაკეთებთ. კერძოდ, სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ მაღალი ხარისხისა და პერსონიფიცირებული დოკუმენტები უფრო სწრაფად შექმნან. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაარკვიოს, რომელ სპეციალისტებზეა მოთხოვნა ამჟამად, შეაგროვოს ინფორმაცია დამსაქმებლის პროფილის შესახებ და ა.შ. თუმცა მათთვის, ვინც ხელოვნურ ინტელექტს არასწორად იყენებს, ეს შეიძლება საზიანოც კი იყოს, რადგან ცუდად ოპტიმიზებული განაცხადების ნაკადის გაგზავნამ შეიძლება მრავალი „ფორმალური“ უარი გამოიწვიოს და პოტენციურად, საინტერესო ვაკანსიები გამოტოვოთ.
უპირველეს ყოვლისა, დაარწმუნეთ დამსაქმებელი საკუთარ პროფესიონალიზმში
ყოველდღიურად, რეკრუტერის მაგიდაზე სხვადასხვა ხარისხის ათობით განაცხადი ხვდება. ხუთიდან ოთხი სპეციალისტი (80%) მიღებულ დოკუმენტებს საშუალო ან დაბალი ხარისხისად აფასებს. ყველაზე ხშირად, განაცხადები უარყოფილია პირველივე ეტაპზე ვაკანსიისთვის საჭირო უნარების (60%) ან კონკრეტული პოზიციისთვის სავალდებულო პროფესიული გამოცდილების (42%) არქონის გამო. რაც შეეხება თავად სამსახურის მაძიებლებს, გამოკითხულთა 42%-მა განაცხადა, რომ შემთხვევითობის პრინციპით, მათ განაცხადი ერთხელ მაინც აქვთ წარდგენილი. ამასთანავე, გამოკითხულთა 63%-ი თვლის, რომ ვაკანსიებში ჩამოთვლილი მოთხოვნები ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სპეციალისტები სამსახურის მაძიებლებს ურჩევენ, ყურადღება გაამახვილონ ხარისხზე და არა – გაგზავნილი განაცხადების რაოდენობაზე. უპირველეს ყოვლისა, პოტენციური დამსაქმებლისთვის თქვენი მომსახურების შეთავაზებისას, დამაჯერებლად უნდა ახსნათ, თუ რატომ ხართ საუკეთესო ამ სამუშაოსთვის, – განმარტავს ტობიას ციმმერმანი.
რომელია სწორი საკვანძო სიტყვები?
მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამუშაოს ძიებისას მნიშვნელოვანია სწორი საკვანძო სიტყვების შეყვანა. Stepstone CV match-ის მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებით კი, კანდიდატებს შეუძლიათ შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა მათი რეზიუმე ვაკანსიას. თუ განმცხადებლის უნარები და პროფესიული გამოცდილება კომპანიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ დიდია შანსი, რომ განაცხადი მიღებული და განხილული იყოს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს წარდგენილი დოკუმენტების ოპტიმიზაციისთვის, კერძოდ, სამოტივაციო წერილების წერისას და ეს მაჩვენებელი 61%-ს შეადგენს.
რეკრუტერები ინდივიდუალობის ნაკლებობაზე საუბრობენ
თავის მხრივ, ოთხიდან სამი დამსაქმებელი (74%) ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული დოკუმენტების უფრო პროფესიონალურ იერსახეზე საუბრობს. ამავდროულად, 69% ამბობს, რომ ციფრულ ეპოქაში წარდგენილი დოკუმენტები ნაკლებად ინდივიდუალურად გამოიყურება. ოთხიდან სამი დამსაქმებელი აცხადებს, რომ განაცხადები ნაკლებად ავთენტურად გამოიყურება. თითქმის ამდენივე (75%) აღნიშნავს, რომ განმცხადებლის კვალიფიკაციის აღწერა ზედმეტად გაზვიადებულია. ამ ნაკლოვანებას ადასტურებს ტობიას ციმმერმანიც, რომელიც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძლიერი ინსტრუმენტი იდეალური, მაგრამ არა ყოველთვის ავთენტური დოკუმენტების შესაქმნელად. თუმცა მთავარი ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ინფორმაციის შესაგროვებლად და დოკუმენტების ოპტიმიზაციისთვის. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფორმულირება ყურადღებით უნდა იქნას გადაკითხული და კრიტიკულად გადააზრებული. ეს ეხება არა მხოლოდ სამოტივაციო წერილებს, არამედ – დოკუმენტების მთელ ნაკრებს, რადგან ადამიანური რესურსების მენეჯერები ელიან არამარტო იდეალურად ფორმატირებულ დოკუმენტებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ – დოკუმენტების პერსონალიზებულ ხასიათს ან უნარებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, არამედ – მკაფიო და დამაჯერებელი მოტივაციის წარდგენასაც.
კვლევის შესახებ
კვლევა, რომელიც The Stepstone Group-მა ჩაატარა და 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ აფასებენ გერმანელი დამსაქმებლები განაცხადების ხარისხს. გარდა ამისა, სპეციალისტების ჯგუფმა შეისწავლა უარის მიზეზები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამუშაოს ძიებისა და განმცხადებლის დოკუმენტაციის შედგენის პროცესში. გამოკითხვაში 3,495 სამუშაოს მაძიებელი და 704 დასაქმების მენეჯერი მონაწილეობდა.