11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან. ალბათ ბევრს დღემდე ახსოვს წლების წინ ზესტაფონში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. “ირინეს ბაღში”, ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი პოლიციელებს ბრალის აღიარებით ჩაჰბარდა. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები იქვე დაადეს. საცერაძე ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო და დანაშაული ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.
როგორც ცნობილია, სერგი საცერაძემ 2011 წელს, 17 წლის სალომე იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ არასრულწლოვნის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია. ასე გახდა სალომე სერგის ცოლი.
ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ეჭვიანობა იყო. სალომე იძულებული გახდა თავისი პატარით სახლიდან წამოსულიყო და მშობლებთან იყო. თუმცა მასზე მუქარა მაინც გრძელდებოდა. მკვლელობამდე, სალომემ ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურასა და გენერალურ ინსპექციას მიმართა და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა, მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერი გაკეთებულა. სალომე აცხადებდა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. ძალოვნების უმოქმედობამ გამოიწვია საბოლოოდ ეს უმძიმესი დანაშაული.
ვერავინ დაიცვა მოძალადე პოლიციელისგან ახალგაზრდა ქალი. სერგი საცერაძის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებული და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას ცდილობდნენ, თუმცა მაშინ მოსამართლემ არ გაიზიარა მათი მოსაზრება და ბრალდებულ სერგი საცერაძეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მაშინ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო იყო მოკლულის დედა, ფატი ჭელიშვილი. იგი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. ასევე ითხოვდა იმ პირების დასჯას, ვისაც ევალებოდა საქმეზე რეაგირება და არ დაიცვა მისი შვილის სიცოცხლე. თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ სტრასბურგში გაიგზავნა საჩივარი რამდენიმე მუხლის დარღვევაზე და ეს დავა სახელმწიფოს მოუგეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასძინა, რომ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია. ამასთანავე, ვერ შეძლო, სალომე ჯორბენაძის არაერთი განცხადების მიუხედავად, საქმეზე სამართალდამცავი უწყების რეაგირების გამოძიება.
სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრა დაზარალებული მხარის ოჯახის სასარგებლოდ, კომპენსაციის – 35 ათასი ევროს გადახდა.
სალომეს ერთი შვილი დარჩა, რომელსაც სალომეს მშობლები ზრდიან. ამ შემზარავმა მკვლელობამ მთლიანად შეცვალა ჯორბენაძეების ბედნიერი ოჯახის ცხოვრება.
ამ ტრაგედიის დროს, სალომეს ძმა სტუდენტი იყო. როგორც დედა, ფატი ჭელიშვილი ამბობს, მისი შვილის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ ტკივილს. სამწუხაროდ, ახლა ცნობილი ხდება, რომ სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უკვე ერთ წელზე მეტია, სალომეს მშობლები და მისი ვაჟი, სანდრო ქვეყნიდან წავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს, რადგან როგორც დედა ამბობს, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.
ახლა მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ისინი საქართველოში ჩამოსვლას და შვილთან გამოთხოვებას ვერ ახერხებენ.
უმძიმესია ის სტატუსი, რაც სოციალურ ქსელში ფატი ჭელიშვილმა დადო.
“კვირის პალიტრა” მას გერმანიაში დაუკავშირდა. შვილმკვდარი მშობლები ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ და გერმანია თვლის, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლა უსაფრთხო არ არის.
ფატი ჭელიშვილი:
– გამანადგურეს, 11 წლის წინ დაიწყო ჩვენი ოჯახის განადგურება და დღეს ჩემი შვილები – სალომე და ლაშა აღარ მყავს. ყველაზე მძიმე და გამანადგურებელი ის არის, რომ სალომე დავიტირე, მაგრამ ახლა ლაშასთან ვერ მივდივარ. გერმანიაში პოლიტიკური სტატუსით ვართ და ჩამოსვლა არ შემიძლია. სალომეს ვაჟის, სანდროს უსაფრთხოება რომ დამეცვა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე სანდროსთან ერთად ჩამოვედით გერმანიაში და პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვეთ. 14 თვეა აქ ვართ. 5 კითხვა გაუგზავნეს საქართველოს საელჩოს და დადასტურებას ელოდებიან. ანა ნაცვლიშვილმა გადმოუგზავნა, რომ გვემუქრებიან და დაცვა გვჭირდება. ახლა ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, ლაშა აღარ მყავს. გვინდა წამოსვლა და შვილთან გამოთხოვება, მაგრამ უარს მეუბნებიან. საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და ვერ დაგიცავთ, რომ გაგიშვათო. უსაფრთხოება არ იქნება დაცულიო, ამიტომ ვერ მოვდივართ. არ ვიცი ამას როგორ გავუძლებთ. სამივე ვსხედვართ უცხო ქვეყანაში და ვტირით. ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები