ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები ინტერნეტით მიღებული დავალების შედეგად მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თვითდაზიანებებიც მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. როგორც სოფელში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა.
ცნობისთვის, ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ – 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


