დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის სურსათზე გაწეული ხარჯი განსაკუთრებით მძიმე ტვირთია და მთლიან ბიუჯეტში გაცილებით დიდ წილს იკავებს. ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში ისაუბრა.
მისი შეფასებით, 2025 წლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ ფასების ზრდა, მაღალი უმუშევრობა და შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებული დისბალანსი რჩება. კეპულაძის თქმით, რეალობა ასეთია: მოსახლეობის ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო შემოსავლები ამ ტემპს ვერ ეწევა.
მისივე განმარტებით, საშუალო შემოსავლის მქონე ქართულ ოჯახში ხარჯების დაახლოებით ნახევარი კვებაზე მოდის. მაშინ, როცა წლიური ინფლაცია საშუალოდ 4–5%-ის ფარგლებში იყო, სურსათის ფასები 10–11%-ით გაიზარდა, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება იმ ადამიანებზე, ვისთვისაც კვება უკვე ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.
კეპულაძე აღნიშნავს, რომ რაც უფრო დაბალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო დიდი წილი მიდის საკვებზე და შესაბამისად, ფასების ზრდა მათზე უფრო მძიმედ მოქმედებს, ვიდრე საშუალო ინფლაციის მაჩვენებლები ასახავს.
რაც შეეხება მომავალ წელს, მისი თქმით, სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციის პროგნოზით, ინფლაციის შენელება და დაახლოებით 3%-ის ნიშნულთან დაახლოება წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. თუმცა მანამდე ფასების შემცირება ნაკლებად სავარაუდოა და პირიქით, შესაძლოა გარკვეულ პროდუქტებზე ზრდაც გაგრძელდეს.
ექსპერტი ასევე უსვამს ხაზს, რომ ეკონომიკურ რისკებს მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური გარემოც განსაზღვრავს. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკისთვის გადამწყვეტია, რა მიმართულებით ვითარდება სახელმწიფო პოლიტიკა, რა გზავნილებს უგზავნის საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირსა და დასავლეთს.
გიორგი კეპულაძის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ არასამთავრობო სექტორისთვის, მედიისა და პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


