მიწისძვრა თურქეთში – ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ბიძგები ყველაზე მეტად იგრძნობოდა თურქეთის ქალაქ სტამბოლში. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც.
თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ შენობებში, რომლებიც შესაძლოა, მიწისძვრის შედეგად დაზიანდეს. ამასთან, მოსახლეობას ურჩევენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მობილური ტელეფონები არ გამოიყენონ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სახლების ან სხვა შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და არ მოუთხოვია დახმარება, არ უთქვამს, რომ მათი სახლი ან შენობა დაინგრა. ამის გამო ბედნიერები ვართ. ყველა შესაბამისი სამინისტროს და ყველა შესაბამისი სამსახურის სრული ყურადღება აქეთაა მომართული“, – განაცხადა იერლიკაიამ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.
„პირველადი შემოწმების დროს, გზატკეცილებზე, აეროპორტებში, მატარებლებსა და მეტროებში არანაირი დაზიანება არ დაფიქსირებულა. ჩვენი გუნდები აგრძელებენ კონტროლს. ღმერთმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ძვირფასი ერი ყველა სახის კატასტროფებისგან“, – განაცხადა ურალოღლუმ.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხალხი შენობებიდან გარეთ არის გასული.