ყველასათვის ცნობილი იუმორისტები მიშა ანდღულაძე და ვანო ჯავახიშვილი საზოგადოებაში ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობენ.
მიშა ანდღულაძის საავტორო პოდკასტში მსახიობმა ვანო ჯავახიშვილთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო საკითხთან ერთად, ის პერიოდიც გაიხსენა, როცა მათ პოლიტიკურ ფიგურებთან კავშირსაც მიაწერდნენ. ისაუბრეს 2019 წელს გავრცელებულ ინფორმაციაზეც, როცა “რუსთავი 2” “კომედი შოუს” გუნდის წევრებმა დატოვეს. ვანო ჯავახიშვილმა გაიხსენა ხალხის რეაქციაც, რომელიც მის “ტვ პირველზე” გადასვლას მოჰყვა.
” როგორც იცით, “მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს “ტვ პირველის” ეთერში, იმავე დღეს და იმავე დროს”, – წერდა მაშინ ჯავახიშვილი.
მიშა ანდღულაძემ პოდკასტში განაცხადა: – “ჩვენ რომ დავრჩით ტელევიზიაში და თქვენ გადახვედით, რამდენიმე ვერსია ჰქონდა ხალხს. ერთი ვერსია იყო – მოღალატეები. ეს აგრესია მართლა მოქმედებს, მაგ პერიოდში გარეთ რომ გავდიოდი, თუ ვინმე მიყურებდა ისეთი სახით, მეგონა, რომ როგორც მოღალატეს, ისე მიყურებდა. მართლა გეჩვენება, მთელი ერი როგორც მოღალატეს, ისე გიყურებს. ვიღაცამ მაგარი ვერსია დაწერა: “მე ვიცი აქ რა ხდება, ესენი მოღალატეები კი არ არიან, გვარამიამ ესენი სპეციალურად დატოვა იქ, რომ ინფორმატორი ჰყავდეთ…” ჩვენ ვართ შეთქმულების თეორიების მოყვარული ხალხი”.
ვანო ჯავახიშვილი: – “რატომ არის, ჩვენზე რომ ტყდება ასეთი ამბავი? ვიღაც სადღაც რომ გადადის, იმაზე არაფერს ამბობენ. ერთ-ერთი ჟურნალისტი “რუსთავი 2”-დან წამოვიდა და გადმოვიდა, პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, „ფორმულაზე“, რატომ არ ატყდა ეს ამბავი?
“მთავარიდან” ჩემი წამოსვლა ვერ გავაგებინე ადამიანებს. პავილიონი რომ დაიხურა, შესაბამისად, გადაცემაც დაიხურა. გავიდა 1 კვირა. სახლში ვიჯექი, გავიდა 2-3 კვირა, წამოვედი. იმას კი არ კითხულობენ, გადაცემა რატომ არ გადის, აგვისტოს ბოლოსკენ ვთქვი, რომ გადავდივარ „ტვ პირველზე“ და აუჰ, უღალატეს…
მიშა ანდღულაძე: – “კრიზისი ყოველთვის ქმნის რაღაც სპეკულაციის გარემოს, რომელიც ბუნებრივი მოცემულობაა. რომ ვერ გავარკვიე, მგონი, მართლაც ასეა – დიდმა სიყვარულმა დიდი სიძულვილი იცის”.
ვანო ჯავახიშვილი: – “ტვ პირველზე” რომ გადავედი, გგონია, რომ ვიღაც საღებავს გესვრის, მაგრამ გარეთ რომ გადიხარ, ყველაფერი ისევ ისეა, ყველას მოსწონხარ, ვიღაც სურათს იღებს, არაფერი იცვლება, მაგრამ იქ (“ფეისბუქზე”) ჯოჯოხეთია”.
მიშა ანდღულაძე: – “2012-ში რომ შეიცვალა მთავრობა, რამხელა აგრესია წამოვიდა ჩვენზე, ჩვენც მწამებლები ვიყავით და ჩვენმა თანამშრომელმაც რა სისულელეები თქვა. ჩახოცეთ ეძახაო… ამ პერიოდში ველოდებოდი, რომ პოლიციისგან რაღაც იქნებოდა. დაფიქსირებული მაქვს, რომ პოლიციაში, ძალოვან სტრუქტურებში, ხალხს კარგი იუმორი აქვს. ალბათ, დაძაბული ცხოვრება ქმნის ამას, ძალიან ბევრი ხუმარა ტიპი ვიცი. ყოველთვის, როცა ვხვდებოდი, ეგ იყო ერთადერთი შვება, რომ პოლიციას თუ არ აქვს აგრესია ჩემ მიმართ, ესე იგი, ყველაფერი მთლად ისეც არ არის, მეჩვენება. ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ბრბოს აგრესია გადამდებია. ბრბო ანაწილებს თავის დანაშაულს. 5 კაცი რომ ერთს ურტყამს, იმას კი არ ფიქრობს, რომ დანაშაულს სჩადის, ფიქრობს, ერთად ვართო და დანაშაული ნაწილდება. “ფეისბუქიც” ასეა, ხალხს განცდა აქვს, რომ თავად აგრესიაში კი არ არის, ეს არის საერთო, კოლექტიური საქმე და საერთო აგრესია, რომელსაც თვითონ არ განიცდის”.
ვანო ჯავახიშვილი: “ბევრი პერიოდი გავიარეთ პოლიტიკური, რაღაც იარლიყების მორტყმით… აი, ნახავ, ეს საიდან იბადება და რატომ უნდა გაუფრთხილდე, რომ გუნდში რაღაც არ მოხდეს: დავით აქუბარდია მყავს სტუმრად და მეუბნება: – “შენ ეხლა ვანიჩკა ადრე შეცდომები გქონდა”, რა შეცდომები მქონდა-თქო? და, – აი, უგულავას უკან რომ იჯექიო. გიგი უგულავამ არჩევნები მოიგო და ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი, რომლებმაც არ გვკითხეს და მერე GDS-ზე გადავიდნენ, უგულავას უკან ისხდნენ. ეს ტიპები ჩანდნენ პირდაპირ, მკვეთრად. ახლა აქუბარდიას ჰგონია, რომ მეც იქ ვიყავი, სადღაც ვიდექი. ეს ფსიქოლოგია იქმნება, რომ შენი გუნდის წევრმა გადაწყვეტილება რომ მიიღოს და აქციაზე სიტყვით გამოვიდეს, ჰგონიათ, რომ შენც სიტყვით გამოხვედი…
პერიოდულად ტროლების რომელიღაც გვერდი დებს სტატიას ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ 7 ნოემბერს ჩვენ გვინდოდა ხალხი ჩახოცილიყო. წარმოგიდგენიათ, რამხელა ცილისწამებაა? ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ხალხს ვაცინებთ, ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, რომ იქ ხალხი ჩახოცონ… რა დონის იდიოტიზმია. რეალურად, გახსოვს ეს როგორი ისტორია იყო? ეს ტიპი, ვინც ამას ჰყვება, ამბობს, რომ მე იმ დღესვე დავტოვე სამსახური და წამოვედიო – იტყუება. საახალწლო კონცერტები დეკემბერში გვქონდა და იანვარში გადიოდა. საახალწლო კონცერტებზე გვქონდა რაღაც უთანხმოება, რაღაცას ვერ გაართვა თავი და ამ დროს წავიდა სამსახურიდან. წარმოიდგინე, როგორ იტყუება – მთელი 1 თვე…
რაოდენობრივად ყველაზე მეტი ცილისწამება ჩვენს გუნდს ჰქონდა. თუნდაც 2012 წელს, GDS-ზე რომ გადავიდა ხალხი, ის იყო ყველაზე აბსურდული ცილისწამება, რაც მომისმენია. ადამიანები გადასაღები მოედნიდან წავიდნენ, ვიღაცები, ვინც სკეტჩებს აწყობდა, ხალხმა სამუშაო იარაღები დაყარა და წავიდა. ერთი მიზეზი იყო ზეწოლა, რა ზეწოლა? – მონსტრები აღმოვჩნდით. ხალხს ეგონა, რომ ვიღაც ტირანები ვიყავით, რეალურად ხალხს ვთხოვდით, სამსახურში მოდი, იმუშავე და წადი. მეტი მოთხოვნა თანამშრომელთან რა უნდა გქონდეს? ნუ დაიძინებ, მთვრალი ნუ მოხვალ… მერე ეს ხალხი იყო აქუბარდიასთან და ლაპარაკობდა.
მიშა ანდღულაძე: – “ყველაზე ნაკლები ზეწოლა კომედიანტს შეიძლება ჰქონდეს, ნებისმიერ ტელევიზიაში”.
ვანო ჯავახიშვილი: – “არც ერთი პარტიის ღონისძიებაზე, თუ ოდნავ სუნი მაინც იგრძნობოდა, რომ პოლიტიკა ედგა უკან, არ გამოვსულვარ. იარლიყები მოსწონთ. აი, მაგალითად, დღემდე: მერაბიშვილმა მანქანა უყიდა… ვანო მერაბიშვილი სულ სამჯერ მყავდა ნანახი, როცა გადაცემაში მოვიდა, იმიტომ რომ, როცა ვურეკავდი, მოდიოდა. შემდეგ თქვეს, რომ “გარაჟში” მიყენია მისი ნაჩუქარი მანქანა და ამის გამო არ გამომყავდა. ალბათ, მერე რომ გამოვაჩინო…
…რომ გთხოვენ ხოლმე, გეხვეწები, პოლიტიკა არ გინდა, ანუ „ღამის შოუს“ აკეთებ და პოლიტიკა არ გინდა ანუ გადაცემა „დაბრიდე“. იუმორისტული გადაცემა ყველგან პოლიტიკურია, გარდა რუსეთისა, სადაც პოლიტიკაზე ვერაფერს იტყვი, შეიძლება ვიღაცამ ნავალნიზე იხუმროს. რეალურად აქტუალურ თემაზეა, საქართველო გაჟღენთილია ამ პოლიტიკით, საერთოდ არ მსიამოვნებს მე ამ პოლიტიკაზე ლაპარაკი”.
მიშა ანდღულაძე: – “ასე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ეს ხალხი არ ეცნობა მსოფლიოში რა ხდება. პოლიტიკაზე არ გააკეთო და პოლიტიკაში არ ვერევი – ისეთივე სასაცილო მდგომარეობაა, როგორც თქვა, რომ მე არ ვერევი ჩემს სახლში რა ხდება. როგორ არ ერევი? ეს შენს ცხოვრებას განსაზღვრავს და მერე ამ ხალხს აფთიაქში გაძვირებული წამალი რომ დახვდება, თურმე, მერე ერევა”.
ვანო ჯავახიშვილი: – “წიწიბურა გაძვირდა – პოლიტიკაა, საცობში დგახარ რაღაცის გამო, ვიღაც გზას რომ არ აგებს, დიდი ხანი – პოლიტიკაა…”
მიშა ანდღულაძე: – “ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რა არის პოლიტიკა და რა არ არის, ეს ჩვენ უნდა განვსაზღვროთ. ჩემი აზრით, ხალხს თვითკრიტიკა უნდა ვასწავლოთ. პოდკასტში ვახსენე ასეთი რამ – კომედიანტის მაგარი თვისებაა, საკუთარ თავში მეტი სისულელე იპოვოს-თქო, ამაზე მეტი იდიოტობა რა უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში, როცა ერთ დღესაც დავაფიქსირე, სამთავრობო სუფრაზე როცა ვიჯექი, ეს მომწონდა და თავი პრივილეგირებული კომედიანტი მეგონა და ამაზე დიდი იდიოტობა საკუთარ თავში რა უნდა იპოვო? ეს ხომ კათარზისია, თვითგანწმენდა და ვიღაცამ დაწერა კომენტარი: „მიხვდი?“ და წამოვიდა კომენტარები. ამასაც გამბედაობა სჭირდება, რადგან ვიღაცები ჩასაფრებული არიან, როდის აღიარებს ეს თავის სისუსტეს. სისუსტის აღიარებას გამბედაობა სჭირდება”.
მასალის გამოყენების პირობები