21 სექტემბერი — ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე
21 სექტემბერი მსოფლიოში აღინიშნება როგორც ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე. ეს თარიღი მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ეს დაავადება პაციენტებისთვის, მათი ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის წარმოადგენს.
რა არის ალცჰაიმერის დაავადება?
ალცჰაიმერის დაავადება არის თავის ტვინის პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას. იგი ხასიათდება კოგნიტური და ქცევითი ფუნქციების თანდათანობითი და გამოუქცევადი დარღვევით.
დაავადება იწვევს ნერვულ უჯრედებს შორის ქიმიური სიგნალების გადაცემის მოშლას და ნეირონების პროგრესირებად კვდომას, რაც უარყოფითად მოქმედებს ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, აზროვნებასა და ემოციურ სფეროზე.
პათომორფოლოგიური სურათი
პათომორფოლოგიური კვლევების მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადება ხასიათდება:
კლინიკურად — პროგრესირებადი დემენციით; მორფოლოგიურად — ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, აგრეთვე თავის ტვინის ქერქის სხვადასხვა უბანში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით.
ბიოქიმიური გამოკვლევებით დადგენილია, რომ დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა — ფერმენტისა, რომელიც აუცილებელია აცეტილქოლინის სინთეზისათვის. აცეტილქოლინი არის ნეირომედიატორი, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსების უჯრედიდან უჯრედზე გადაცემასა და მეხსიერების პროცესებში.
დაავადების სიმპტომები და განვითარება
სიმპტომები ვლინდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მძიმდება. დაავადების საწყის სტადიაზე ყველაზე ხშირი სიმპტომია მეხსიერების დარღვევა. შემდგომ პროგრესირებს საფეთქელ-თხემის, ხოლო შემდეგ ქერქის სხვა უბნების დისფუნქცია.
კლინიკური სიმპტომები მოიცავს:
— მეხსიერების მნიშვნელოვან დაქვეითებას (ასაკის, მისამართის, მიმდინარე მოვლენების დავიწყება);
— სიტყვების მოძებნისა და სხვისი მეტყველების გაგების გაძნელებას;
— ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობას;
— სივრცული ორიენტაციის დარღვევას (საკუთარ სახლში ოთახების ვერ მიგნებას);
— ელემენტარული ყოფითი ჩვევების (დამოუკიდებელი დაბანა, ჩაცმა) შეუძლებლობას;
— გუნება-განწყობის და პიროვნული თვისებების ცვლილებებს;
— ახლობელი ადამიანების ცნობის უნარის დაკარგვას.
დაავადების განვითარებული სტადია მოითხოვს პაციენტის მუდმივ მეთვალყურეობას.
გავრცელება
მხოლოდ აშშ-ში ალცჰაიმერის დაავადება დადასტურებულია 1,5 მილიონ ადამიანში. ამასთან, ქვეყანაში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი პირიდან 30%-ს დასმული აქვს ამ დაავადების დიაგნოზი.
დაავადება, როგორც წესი, ვლინდება მოხუცებულობის ასაკში. სადღეისოდ ალცჰაიმერის დაავადების ათვლის ასაკობრივ ზღვრად მიჩნეულია 55 წელი, თუმცა ცნობილია გამონაკლისი შემთხვევებიც.
დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია, რომ დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს. ადრეული დიაგნოსტიკა იძლევა მკურნალობისა და მოვლის სათანადო დაგეგმვის საშუალებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტისა და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხს.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD
Accreditation Canada — წარმომადგენლობა საქართველოში | ვივო მედიქალ ჯგუფი / Vivo Medical Group
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). 21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/21-seqtemberi-altshaimeris-daavadebis-shesakheb-tsnobierebis-amaghlebis-msophlio-dghea/

