თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური ინოვაციები აქტიურად ხორციელდება. „ტავ ჯორჯია“ კორპორაციული მდგრადობის კამპანიის ფარგლებში რიგ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ციფრული სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად.
თბილისის აეროპორტის ტერმინალებთან კომპანია Sparklo-ს სპეციალური აპარატები დაიდგა, რომელთა მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები ჩააბარონ და სანაცვლოდ ქულები მიიღონ, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით დაიხარჯება. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ნარჩენების მართვასა და მდგრადი ურბანული განვითარებისთვის საჭირო ქცევის პოპულარიზაციას. Sparklo-ს პლატფორმა ამჟამად 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საქართველოში პოპულარობას სწრაფად იძენს.
პლასტმასის შეგროვებისა და გადამუშავების პროცესში ჩართულია ქართული სტარტაპი „ტენე“, რომელიც აღნიშნულ ნარჩენებს უმაღლესი ხარისხის USB კაბელებად გარდაქმნის. კომპანია უკვე თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ Sparklo-სთან და ინოვაციური გადამუშავების მოდელს ნერგავს.
„ტავ ჯორჯია“ ფრანგული ADP Group-ის წევრია და სწორედ ამ ჯგუფის მდგრადობის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს თბილისის ქუჩებში და ნაგავსაყრელებზე, ხოლო მოქალაქეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ეკომეგობრულ პროცესებში.
2025 წელს „ტავ ჯორჯია“ აეროპორტში კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს გეგმავს — საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საინფორმაციო რობოტებზე, რომლებიც მგზავრებს ადგილზე დაეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მიღებაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს განვითარებას ეკოლოგიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და მიზნად ისახავს, გახდეს უფრო სუფთა, ინკლუზიური და ციფრულად განვითარებული ჰაბი კავკასიის რეგიონში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია