გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
“დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება, დედაქალაქში არსებული თავშესაფარი კი არსებულ რაოდენობას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
“გარდა ამისა, როგორც იცით, სააგენტომ, რამდენიმე თვის წინ ააშენა პოპულაციის მართვის ცენტრი. მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესიც. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააგენტოს ეფექტურობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი ცხოველის სტერილიზაცია მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, ძალიან ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა.
“ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ. ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტების პრობლემა არ არის, ყველასია. შესაბამისად, ყველას მოგვიწევს ჩართულობა. გარდა ამისა, როგორც იცით, საკანონმდებლო დონეზე არის გარკვეული ცვლილებები. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და განსაკუთრებით, დედაქალაქში, იყოს მოწესრიგებული. ჰუმანური მიდგომით, ცხოველების ინტენსიური სტერილიზაციის გზით, დედაქალაქში ქუჩის ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. უახლოეს პერიოდში უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე, რომ აღარ იყოს ცხოველი ქუჩის მძიმე პირობებში და ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.