უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.
მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. ძალიან მამხნევებდნენ მთელი დროს განმავლობაში და ძალიან მინდოდა, რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გამეხარებინა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს, ფედერაციას, ყველანაირად მეხმარებოდნენ, რომ მოგვეპოვებინა ოქროს მედალი”, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.