ევროკავშირი ისრაელისა და ჰამასის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, სანქციების პაკეტი შეეხებათ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ გვირს, ასევე ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩს, დასავლეთის სანაპიროზე უკანონოდ მცხოვრებ რამდენიმე ძალადობრივ ჯგუფს და ჰამასის რამდენიმე გავლენიან ფიგურას, რომელთა ვინაობაც საჯაროდ არ გაჟღერებულა.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სანქციების ორმხრივად გამოცხადების მიზანი, ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეული პირების განურჩევლად დასჯაა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროკავშირი მსგავს მიდგომას ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ არ იჩენდა, თუმცა ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, გაერთიანებამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გუშინ ისრაელისთვის სავაჭრო შეღავათების გაუქმებაც დააანონსა.