დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრი იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ.
….
15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ისაუბრა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც სამსახურს, წლების განმავლობაში TIKA-სთან აკავშირებს; განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი თანადგომა იყო.
….
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
….
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
….
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა. “პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, – წერს მიშელი.
….
კომპანია “თელასის” ცნობით, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და ალავერდელის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში კი 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანასკერტელი-ციციშვილის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ბასილაიას, ლიხაურის და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.
….
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რვა ეროვნულ ფედერაციას 3 788 620 ლარი ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა. ინვენტარის გადაცემის ღონისძიება სოფელ დიღომში მდებარე რეაბილიტირებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართა და მას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი გერონტი ცინდელიანი და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროებების გათვალისწინებით, სპორტული ინვენტარი ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ჭადრაკის, ძალოსნობისა და ტანვარჯიშს ფედერაციებმა მიიღეს. სპორტული ინვენტარი მრავალფეროვანია მას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე, დამწყები სპორტსმენები გამოიყენებენ.
….
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება.
….
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობე სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობე სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობე სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.
….
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემის პირველ დღეს ჯორჯიის შტატში რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი დაფიქსირდა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ძლიერი ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციის ფონზე ჩატარდება, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის რამდენიმე შტატს, მათ შორის ჯორჯიას. არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი მოხელეები აცხადებენ, რომ ფოსტით გაგზავნილი ამომრჩეველთა ბიულეტენები ცუდი ამინდის გამო არ დაზიანებულა. ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის ძირითადი დღე 5 ნოემბერია. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან დემოკრატების კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელების კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
….
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები. კახა კალაძის განცხადებით, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნის ღონისძიება 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე იგეგმება.
….
2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოუენ მერფის შეხვდა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და არჩევნების დღესთან დაკავშირებით აპარატის როლი და საქმიანობა განიხილა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატსა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის, აპარატის მიერ იდენტიფიცირებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევებზე, გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებების შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
….
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს არჩეულმა წევრმა, სტამბულში, მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო საქმიანობები, ამასთან ICC-ის წევრ სავაჭრო პალატებთან დაგეგმილი ინიციატივები.
….
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 16 ოქტომბერს, 18:00 საათამდე აბონენტებს შეზღუდვა შეეხება სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ვაჟა-ფშაველას, სარგის კაკაბაძის, ბიძინა ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
….
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები ააფეთქა. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიაში განაცხადეს, რომ ეს იყო თავდაცვითი ზომა ომის თავიდან ასაცილებლად. ფხენიანის მტკიცებით, მაგისტრალების აფეთქება იყო პასუხი სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნებსა და რეგიონში აშშ-ის ბირთვული ძალების ყოფნაზე. გზების აფეთქებაზე საპასუხოდ სამხრეთკორეელმა სამხედროებმა დემარკაციის ხაზის სამხრეთის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. მომხდარი დაგმო სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ და ამას კორეათაშორისი შეთანხმებების დარღვევა უწოდა.
….
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რეგულაციები შეიმუშავა. მათივე ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა.
….
სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
….
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი”.
….
პროფესორი ხათუნა ბურკაძე, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯმა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე კვლევების განსახორციელებლად შეარჩია. პროფესორ ხათუნა ბურკაძის განცხადებით, მისი წინადადებები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე გამოწვევების დაძლევის შესახებ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ნატო-ს ექსპერტებმა მოიწონეს და შეარჩიეს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროფესორ ხათუნა ბურკაძეს 2024 წლის მეცნიერის პრემია ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დარგში გადასცა. ამასთან, იგი მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური სიგელითაა დაჯილდოებული.
….
რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, – აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.
….
შორაპან-არგვეთას ტერიტორიაზე ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტის მშენებლობა იგეგმება. ზესტაფონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც ობიექტი უნდა მოეწყოს, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. 53 588 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე თვის წინ გაასხვისა. ქონება აუქციონზე 21 მაისს 2 295 000 ლარად გაიყიდა. ცნობისთვის, ავტოსადგურებს შორის ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ შესახებ.
….
მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3 992 842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილს იკავებს, რომელსაც მოსდევს თურქეთი, შემდეგ სომხეთი.
….
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული. თხილის გადამმუშავებელი საწარმოს წარმადობა 4000 ტონას შეადგენს. ქარხანაში მუდმივად 59, სეზონურად კი, 100 ადამიანია დასაქმებული. საწარმო ახორციელებს თხილის ექსპორტს. კომპანიას ამ დროისათვის ექსპორტზე გატანილი აქვს 1128 ტონა თხილი.
….
წელს, იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის 94 ფაქტია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3 765 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან, ნორმების დარღვევისთვის 1500-ზე მეტ შემთხვევაში გაიცა გაფრთხილება, 361 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 643 შემთხვევაში კი – ჯარიმა დაიწერა.
….
ინდონეზიაში, სადაც პოპულარული დასასვენებელი კუნძული ბალი მდებარეობს, ხელისფლებამ საიმიგრაციო კანონები გაამკაცრა, რომლის დარღვევისთვის ტურისტებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინდონეზიაში, სადაც პოპულარული დასასვენებელი კუნძული ბალი მდებარეობს, ხელისფლებამ საიმიგრაციო კანონები გაამკაცრა, რომლის დარღვევისთვის ტურისტებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კერძოდ, ახალი დადგენილებით, ინდონეზიაში ყოფნის ვადის დარღვევისთვის სასჯელის ვადა 6-12 თვიდან 10-20 წლამდე იზრდება. მეტიც, უცხოელებს, რომლებიც სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ და მასში იქნებიან ეჭვმიტანილი, ასევე, მათ, ვისაც ამის გამო თავისუფლების აღკვეთა 5 წელზე მეტი ვადით ემუქრებოდა, ამიერიდან შესაძლოა, თავისუფლების უვადო აღკვეთა დაემუქროთ.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები