სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი, შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ -ამის შესახებ, სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძე აცხადებს.
“სტიქიის პირველივე დღიდან, გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ,”- აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძე.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, თოვლმა და უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ზარალი მიაყენა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, ის არ ადასტურებს ინფორმაციას, სოფელ კოკათში მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, სოფელში დაზიანდა სახლის სახურავი, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმყოფებოდა თუ არა სახლში ვინმე.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში, მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. უხვი ნალექია, ხუთი დღეა უამინდობაა, თოვლის ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც გავიგე, მოქალაქის გარდაცვალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში დაფიქსირდა სახურავის დაზიანების ფაქტი, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია ადგილზე თუ იმყოფებოდა ვინმე, უხვი ნალექია და ინტენსიურად იწმინდება გზები”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე სარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები