გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარ ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი პოსტს აქვეყნებს:
„გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის კადრები უ მ ძ ი მ ე ს ი სანახავია. ზედმეტი სიტყვებით თავის დაზღვევა საჭირო აღარ არის. როცა რამდენიმე პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება, მსგავსი ქმედება სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირებისგან კატეგორიულად მიუღებელია როგორც მორალურად, ისე ინსტიტუციურადაც.
ქართული პოლიცია სახელმწიფოს ფუნდამენტური საყრდენია. უწყებაში მსახურობს უამრავი ღირსეული, თავგანწირული, პატიოსანი ადამიანი, რომელთა შრომაზეც დგას ყოველდღიური წესრიგი და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციისგან დაუყოვნებლივ გამიჯვნა იმ ადამიანების, ვინც უნიფორმას საკუთარი კომპლექსების დასაკმაყოფილებლად იყენებს.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ კონკრეტულ ფიზიკურ ძალადობაზე, არამედ პრობლემის გაცილებით ფართო სპექტრზე. ნებისმიერი პირი, ვინც ფორმას ამოფარებული მოქალაქეს აშანტაჟებს, სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს, პირადი კეთილდღეობისთვის საქმეებს აწყობს ან უბრალოდ ყოველდღიურ თავგასულობას ავლენს, კანონის მთელი სისასტიკით უნდა დ ა ი ს ა ჯ ო ს. პოლიციელს არანაირი, თუნდაც უმცირესი გადაცდომა არ უნდა ეპატიოს. ლოგიკა მარტივია: როცა გაცვია სახელმწიფოს ფორმა და გაქვს მინიჭებული ლეგიტიმური ძალა, შენი დანაშაული ორმაგი დანაშაულია. შენ არღვევ არა მხოლოდ კანონს, არამედ ძირს უთხრი თავად სახელმწიფოს ავტორიტეტს.
თუ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, მაშინ წესრიგიც უნდა დავიცვათ და მოქალაქის ღირსებაც. პოლიციის ავტორიტეტი ძალადობის დაფარვით კი არ მყარდება, არამედ სწორედ ასეთი ფაქტების სწრაფი გამოძიებითა და დამნაშავეთა მ კ ა ც რ ი დასჯით(!). სისტემა მაშინ არის ჯანმრთელი, როცა საკუთარი რიგებიდან თვითნებობას თავადვე კვეთს.
სახელმწიფოს სიძლიერე პრობლემის ღიად დაპირისპირებაშია. პროკურატურის რეაგირებამ არ დააყოვნა. გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მსგავსი მყისიერი რეაგირება უნდა იყოს ურყევი სტანდარტი.
საბოლოოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი მახინჯი პრაქტიკა, თითქოს ფორმა, სამხრე და წოდება მოქალაქეზე მაღლა დგომის უფლებას იძლევა. დრო, როცა ეგრეთ წოდებული პაგონი ვიღაცისთვის დაუსჯელობის გარანტიას ნიშნავდა, დასრულდა. ფორმა პრივილეგია არ არის. ფორმა უმაღლესი პასუხისმგებლობაა.
საჯარო მოხელე, პოლიციელი თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო წარმომადგენელი ხელფასს ხალხისგან იღებს. დემოკრატიული სახელმწიფოს მკაცრი ლოგიკა სწორედ აქ დევს. ისინი მოქალაქეებზე ბატონობისთვის კი არა, მოქალაქეების სამსახურისთვის არსებობენ. ვინც მინიჭებულ ძალაუფლებას თვითნებობად გადააქცევს, უპირველესად სახელმწიფოს ურტყამს.
დღეს ორი რამ ერთდროულად და სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას. ქართული პოლიცია უნდა დავიცვათ როგორც ინსტიტუცია, თუმცა პოლიციის სახელით მოქმედი ნებისმიერი მოძალადე, მაიმუნი თუ კორუმპირებული პირი დაუნდობლად უნდა დაისაჯოს. ინდივიდუალური გადაცდომა არ უნდა იქცეს სახელმწიფოზე თავდასხმის იარაღად, მაგრამ არც სახელმწიფო უნდა იქცეს ინდივიდუალური გადაცდომის ფარად.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განსაკუთრებით ის, ვისაც კანონის აღსრულება აბარია. მოქალაქეზე ძალადობა არავის ეპატიება. ვერავის უშველის ფორმა, წოდება, თანამდებობა. სამართლებრივი სახელმწიფო სწორედ იქ იწყება, სადაც ძალაუფლებას აქვს მკაცრი საზღვარი, ხოლო მოქალაქის ღირსებას ხელშეუხებელი ფასი.“ – წერს ირაკლი ყიფიანი
ირაკლი ყიფიანი
27.05.2026


