“არა, გასროლის ხმა არ გამიგია. კი მე წავიყვანე სავადმყოფოში. გონზე არ იყო.
ბოლო წელწადნახევარი თორნიკე არაერთხელ ამბობდა რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ თვლიდა, 7 წელი ძალიან ბევრი იყო როგორც მისთვის, ისე რეგიონისთვის. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ ისეთი შემართებით ვეღარ ვარო. მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 არჩევნებზე. სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიაში. ვერ გეტყვით ამის შესახებ უთხრა თუ არა პრემიერს, შესაბამის დროს ელოდა, ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, არ დამიზუსტებია. როგორც მომიყვა გათავისუფლების შემდეგ შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინა დიპლომატიურ სამსახურში, თუ იქნებოდა საშუალება დიდ ბრიტანეთში…
ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დასატენად და რამდენიმე წუთში მესმის ზარი, გამოვედი – დავხედე და თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ – გისმენ და ხმა არ გამცა. მერე გადავურეკე და აღარ იღებდა, რო არ იღებდა გამოვედი ინსტიქტურად რა ხდება რა. მე გასროლის ხმა არ გამიგია, ძალიან შორს იყო. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო“ – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანის ცნობით, თორნიკე რიიჟვაძეს მომდევნო რამდენიმე დღეში თურქეთში თვალის ოპერაციას ჩაუტარებენ.
მასთან საუბრებში რიჟვაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა და მას საქმიანობის გაგრძელება დიპლომატიაში სურდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში.
ახვლედიანი აცხადებს, რომ მას სროლის ხმა არ გაუგია.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა. ასევე, ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძისა და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.
პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ საქმეზე თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა მნიშვნელოვანია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება
სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.


